თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ჟურნალისტიკაში დაბრუნებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
ინაშვილის პარტიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა, თუმცა, როგორც დანარჩენი შვიდი პარტია, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც პარლამენტის მუშაობაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
„თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რომელშიც ჩაწერილი იქნება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, მაშინ მე, რომელმაც დიდი ბრძოლა გავიარე როგორც ჟურნალისტმა და პარლამენტში ქუჩიდან შევედი – საპროტესტო აქციების გზით, კვლავ თქვენს რიგებში აღმოვჩნდები და ისე გავაგრძელებ ბრძოლას“, – განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
ირმა ინაშვილს ჟურნალისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1993 წელს, 23 წლისა „პირველი არხის“ რედაქტორი გახდა და იქ 12 წელი იმუშავა.
2005 წელს მან საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა და მედიაკავშირ „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. „ობიექტივი“ იმ დროს ინტერნეტ–ტელევიზია იყო, ინაშვილს კი რედაქტორის პოზიცია ეკავა.
მოგვიანებით, 2010 წელს, როდესაც „ობიექტივმა“ მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, ინაშვილი ტელეკომპანიის პროგრამების დირექტორი გახდა.
ინაშვილს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება.