თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკოს შენობასთან.
ამ წუთებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაძაბულობაა. პოლიციამ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცველები ადგილზე შეკრებილ პირებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„ხელისუფლება პასუხისმგებელია ყოველივე იმაზე, რაც ახლა ცესკოს შენობასთან ხდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გადადგეს თამარ ჟვანია (ცესკოს თავმჯდომარე – რედ.). ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება არ დავიშლებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართლი აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.