თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ზოიძე: აუცილებელია ხელისუფლებამ პრევენციული ზომები სამი მიმართულებით გაატაროს>>
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა და სწორედ ახლა მნიშვნელოვანია ზომების უფრო გამკაცრება და შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოება.
„მაგრამ არა მარტო გამკაცრებული მექანიზმები: ერთი მხრივ, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, მეორე მხრივ, ტესტირება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, იყოს მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში, ინფიცირებულთა დაახლოებით 85% მართონ ოჯახის ექიმებმა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ისეთ გზებს, რომ ამ ღონისძიებებით რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკის სფეროს და ადამიანების შემოსავლებს.
„მიმდინარეობს მსჯელობა, დღეს, საღამოს კიდევ შეხვედრები და კონსულტაციებია ბიზნესთან, სხვა სექტორთან, რადგან ეს ყველაფერი საერთო კონსესუსის წესით უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებითაც.
„გიდასტურებთ, არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო წერტილოვანი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თუმცა აღნიშნულ შეზღუდვებს ეპიდვითარების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ მოუხდენია.