თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ინფექციის გავრცელების ტემპს თუ არ შევანელეთ, მძიმე დეკემბერი და სიკვდილიანობის მკვეთრი მატება გველოდება – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდვითარებას ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე.
სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია.
ზოიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეს მოქმედი შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. მისი თქმით, რაც არ უნდა ბევრი კლინიკა ჩაერთოს ინფიცირებულთა მართვის პროცესში, სისტემა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს, რადგანაც, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი არ იქნება საკმარისი.
ზოიძე ხელისუფლებას ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შესაჩერებლად ერთდროულად ზომების სამი მიმართულებით გატარებისკენ მოუწოდებს.
„საჭიროა უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულება და მისი გაკონტროლება; ტესტირების შემდგომი გაფართოება და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულად მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვა, რათა დროულად მოხდეს ინფიცირებულთა თვითიზოლაცია ან კოვიდ–სასტუმროში გადაყვანა. და, ბოლოს – ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც“, – დაწერა ზოიძე საკუთარი Facebook-გვერდზე.
მისი განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლებამ გაატაროს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი ეფექტისა და ამავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.
ექსპერტის ვარაუდით, აღნიშნული ზომების გატარების შემთხვევაში ქვეყანაში ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 20-24 დღეში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 114 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო წერტილოვანი შეზღუდვები უკვე მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.