ასასინები, ანუ ჰაშიშის მწეველთა მისტიკური ორდენი საქართველოში

გამოწერა
ათ საუკუნეზე მეტია, რაც კაცობრიობა ტერორიზმს ებრძვის. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ფანატიკოსი ტერორისტები საქართველოში პირველად XII საუკუნეში გამოჩნდნენ.

იდგა 1139 წლის გაზაფხული. თბილისი შეძრა გაუგონარმა მკვლელობამ. დღისით, მზისით, ყველას თვალწინ საჯაროდ მოკლეს თბილისის ყადი. რისხვამ აიტანა საქართველოს მეფე დემეტრე პირველი. როგორი საქმეა თბილისელი მუსლიმების უმაღლესი სასულიერო მოსამართლის ასე უტიფრად მკვლელობა?!

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა მსტოვართა ინსტიტუტი შექმნა, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში ქართულ „სპეცსამსახურებს“ შეცდომა არ დაეშვათ და უცებ ასეთი ტერორისტული აქტი.

ძველი წიგნები და ღამის ნათურა საწერ მაგიდაზე - Sputnik საქართველო
ამბავი საქართველოში მოტყუებით დატოვებული სიმდიდრისა: მილიონერების შურისძიება?

მკვლელი აღმოჩნდა ვინმე იბრაჰიმ დამღანი, რომელსაც გაქცევა არც უცდია. გაირკვა ისიც, რომ დამღანი ასასინი იყო, რომელიც მოქმედებდა ასასინთა მბრძანებელ მუჰამედ იბნ ბუზორგომიდის სურვილითა და ბრძანებით.

ვინ იყვნენ ასასინები?

ასასინები — ისლამის წიაღში აღმოცენებული სექტა იყო, რომელიც ორთოდოქსი სუნიტებისა და შიიტებისგან დოგმებითა და ფანატიზმით განსხვავდებოდა.

ისმაილიტების სექტა პირველადVIII საუკუნეში გაჩნდა და თანდათან მოიკიდა ფეხი ეგვიპტეში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, სირიასა და ინდოეთში. მაგრამ ასასინთა მოღვაწეობაში რეალური გარდატეხა მოხდა 1090 წელს, როდესაც ორდენის ლიდერმა ჰასან იბნ საბაჰმა ისმაილიტურ რწმენაზე მოაქცია ალამუთის ციხის დამცველები, ხოლო ციხისთავი სამი ათასი ოქროს საფასურად მოისყიდა, მერე კი 50-მდე ფანატიკოსის თანხლებით დაიკავა ალამუთის ციხე, რომელიც საბოლოოდ ისმაილიტთა ორდენის ცენტრად აქცია.

ასასინები ამას არ დასჯერდნენ და ძალიან მალე ისმაილიტების ხელში გადავიდა ირანისა და სირიის ორმოცდაათამდე ციხე-სიმაგრე.

არსებობს ცნობა, რომ ისპაჰანის მოსახლეობა ფულს უხდიდა ასასინებს და მათ ხელში ძალიან დიდი თანხა იყრიდა თავს.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ტფილისელ „შავჩოხიანთა“ ამბოხი და ორბელიანის მიერ აკლებული ავლაბარი: ამქართა აჯანყება

თუმცა ისმაილიტთა სიძლიერე არა დიდ ფულში, არამედ მძლავრ ტერორისტულ მექანიზმში მდგომარეობდა, რომელიც, მუსლიმური სამყაროს აზრით, „მულიდმა“, ანუ ერეტიკოს-მწვალებელმა ისმაილიტებმა სელჯუკებთან ბრძოლაში გამოიმუშავეს. სელჯუკთა ტერორს ისმაილისტები ინდივიდუალური ტერორით პასუხობდნენ და ასე თანდათან იქცნენ ისინი ტერორისტულ სექტად, ხოლო კაცისკვლა „სახელმწიფო პოლიტიკის“ დონეზე აიყვანეს.

ასასინები იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, რომელთაც მოზარდობიდან სპეციალურად და საგანგებოდ წვრთნიდნენ სპეციალური სისტემით: ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, ამტანობასა და შენიღბვის ოსტატობას.

გაწვრთნილი ასასინისთვის არ არსებობდა ფაქტორი, რომელიც მას დავალების შესრულებაში შეუშლიდა ხელს.

  • გასაოცრად იტანდნენ და უძლებდნენ ყველანაირ განსაცდელსა და წამებას;
  • ჰქონდათ უჩვეულოდ გაწონასწორებული ფსიქიკა და მტკიცე ნერვები;
  • ფლობდნენ გარდასახვის არაჩვეულებრივ უნარს — წარმატებით თამაშობდნენ სწავლულის, ვაჭრისა თუ მათხოვრის როლს, რათა პირველსავე ხელსაყრელ მომენტში მოულოდნელი დარტყმა მიეყენებინათ მსხვერპლისთვის;
  • ახალგაზრდა ასასინებს ასწავლიდნენ რამდენიმე უცხო ენას. მათი დიდი უმრავლესობა ფლობდა სპარსულ, თურქულ, არაბულ, ებრაულ, ფრანგულ, ბერძნულ, ქართულ თუ იტალიურ ენებს.

ჰაშიში და ასასინები

ფულის გადაცემა ხელიდან ხელში - Sputnik საქართველო
როგორ გაყიდა ფირმა „შიბლამ“ ისტორიული ხომალდი: ქართველი თაღლითების ნამდვილი ისტორიები

ახალგაზრდა ასასინს ჰაშიშსაც აჩვევდნენ. ჰაშიშით დაბანგულ ისმაილიტს მაჰმადიანური სამოთხე ელანდებოდა და ის ყოველთვის მზად იყო სიკვდილისათვის, ოღონდ სამოთხეში დაედო ბინა. სწორედ აქედან მოდის შეუპოვრობა და გულგრილობა, რომელსაც ასასინები მსხვერპლის აკუწვის დროს იჩენდნენ. ჰაშიშზე დამოკიდებულებაზე მიანიშნებს სექტის სახელწოდებაც: „ასასინ“ არაბულად ჟღერს როგორც ჰაშიშინ, რომელიც მულიდებს ამ ნარკოტიკის მოხმარების გამო შეერქვათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თორმეტწლიანი სწავლების შემდეგ ასასინები „უნივერსალურ მკვლელებად“ ყალიბდებოდნენ. ისინი უკვე ხდებოდნენ „ფიდაები“, ანუ შეწირულები, რომლებიც მზად იყვნენ უსიტყვოდ შეესრულებინათ ბელადის ყოველი ბრძანება.

მაგალითად, 1194 წელს შამპანის გრაფი და იერუსალიმის ჯვაროსანთა მეფე ანრი ზავის ჟამს სტუმრად ეწვია სირიის ასასინთა მბრძანებელს. ერთხელაც, სეირნობისას მაღალი კოშკის თავზე მეფემ თეთრებში ჩაცმული რამდენიმე ჭაბუკი შენიშნა. ასასინთა მბრძანებელმა ჯვაროსან გრაფს ჰკითხა, ასეთი მორჩილი ქვეშევრდომები თუ გყავსო, ოღონდ პასუხს არ დალოდებია, ხელით რაღაც ანიშნა ორ ფიდაის და ისინიც მყის გადმოეშვნენ კოშკიდან — სული მიწამდე არც დაჰყოლიათ...

განძის მაძიებლები სწავლობენ რუკას - Sputnik საქართველო
ეძებეთ ქართველ მეფეთა საგანძური: ლეგენდებით შემონახული ადგილები

ასასინთა მიერ მოწყობილი ტერაქტები თავისი ხელწერით გამოირჩეოდა:
1. ისინი ადამიანს კლავდნენ საჯაროდ, რათა ხალხში შიში დაეთესათ;

2. იყენებდნენ მხოლოდ ბასრ იარაღს და არავითარ შემთხვევაში საწამლავს;

3. ტერაქტის დროს ფიდაები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: მკვლელებად და მეთვალყურეებად. სწორედ ეს უკანასკნელნი მოახსენებდნენ ხოლმე მბრძანებელს, რომ განაჩენი აღსრულებული იყო.

ცნობილია ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეგვიპტის ხალიფის მკვლელობაში — წარუმატებელი თავდასხმის გამო — მეთვალყურე ფიდაები ჩაერივნენ საქმეში და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს მსხვერპლს.

ასასინების მოქმედების არეალი თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავდა. მათ სისხლიანი კვალი დატოვეს პარიზში, მარსელში, მილანში, კაიროში, თბილისში, ისპაჰანში, იერუსალიმსა და ბაღდადში. მათი ხელით არიან მოკლულები: დიდი მონღოლი ნოინი ჩაღატა, თურქ-სელჯუკთა უზარმაზარი იმპერიის უპირველესი ვაზირი ნიზამ ალ მულქი, ჯვაროსანი რაინდი მარკიზ კონრად მონფერატი და მრავალი სხვა.

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
ამბავი ქართლის მეფისთვის ნაჩუქარი ძვირფასი ჯიღისა: თვალთმაქცური ქურდობა

ასასინები იმდენად გათავხედდნენ, რომ თვით ეგვიპტის დიდ სულთანზე, სალადინსა და სელჯუკიანთა სულთან ბარქიაროკზეც კი მიიტანეს იერიშები, თუმცა — წარუმატებლად.

სულ 1090-1256 წლებში ასასინებმა 8 ხელმწიფე და 100-ზე მეტი პოლიტიკური თუ სამხედრო მოღვაწე გამოასალმეს სიცოცხლეს. სწორედ ამიტომაც სიტყვა ასასასინი ინგლისურენოვან სამყაროში დარჩა კაცისმკვლელისა და ტერორისტის სინონიმად.

ქართული ისტორიული წყაროები ასასინებს მოიხსენიებს როგორც „კაცისმკვლელი მიპარვითა“.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ფანატიზმის მაგალითს თავად ასასინთა ბელადები იძლეოდნენ. მაგალითად, ჰასან იბნ საბაჰმა თავისი ორი ძე გამოასალმა წუთისოფელს, რადგან ეჭვი შეიტანა მათ მართლმორწმუნეობაში.

უნდა ითქვას, რომ ასასინებმა ამგვარი ქმედებებით საწადელს მიაღწიეს: პანიკური შიში დათესეს ხალხში. მათი გამოისობით არავინ გრძნობდა თავს მშვიდად.

და, მაინც, ასასინთა მზე მალევე, ისტორიისთვის მოკლე პერიოდში ჩაესვენა, როდესაც 1256 წელს მონღოლებმა მათი ბუნაგი ალამუთი მოანგრიეს. სწორედ იმ დღიდან ასასინთა ორდენი, როგორც მძლავრი ტერორისტული ორგანიზაცია, ისტორიის კუთვნილება გახდა, ხოლო ესტაფეტა კიდევ უფრო რადიკალურმა ძალებმა გადაიბარეს...

ყველა ახალი ამბავი
0