განსაკუთრებით „მოწყალე“ ლუარსაბის მიმართ იყო, რომელსაც ოსმალთა მოსისხლე მტრად მიიჩნევდა. უფრო მეტიც, დაუმოყვრდა კიდეც ქართლის მეფეს — მისი და ლელა (თინათინი) შეირთო და ცოლისძმის თხოვნით თბილისიდან სპარსული გარნიზონიც გაიყვანა.
მაშინ შაჰი ქართველთა გადამტერებას მოერიდა, რადგან ოსმალეთთან ჰქონდა ომი და ეშინოდა, ოსმალთა მხარე არ დაეჭირა საქართველოს. მაგრამ როგორც კი დაუზავდა ოსმალებს, ხელ-ფეხი გაეხსნა და ნამდვილი ზრახვებიც გამოამჟღავნა.
1614 წელს, კახეთის აოხრების შემდეგ, შაჰ აბასმა ურიცხვი ჯარი ქართლში შეიყვანა. ქართლის მეფე ლუარსაბ მეორემ ვერ გაუწია სპარსელებს წინააღმდეგობა და კახეთიდან დევნილ თეიმურაზ მეორესთან ერთად იმერეთს გაიხიზნა. შაჰი გორს მივიდა, გორისა და სურამის ციხეები გაამაგრა და იქ სპარსული მეციხოვნენი შეიყვანა.
აბას პირველმა იმერეთში სარუ ხოჯა მოჰამედ რეზა გაგზავნა და იმერეთის მეფე გიორგი მესამეს თხოვნით შეუთვალა, თქვენ ჩემი ქვეშევრდომნი — ლუარსაბი და თეიმურაზი შეგიხიზნიათ, ორივე გამომიგზავნეთ და სამაგიეროდ დიდძალ ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტს მოგართმევთ; მაგრამ უკეთუ ჩემს თხოვნას არ შეიწყნარებთ, ჯარს გამოვგზავნიო.
შაჰ აბასი, რა თქმა უნდა, ამგვარი თხოვნით თავს არ შეიწუხებდა, მაგრამ ვინაიდან ხონთქარი დასავლეთ საქართველოს თავის სამფლობელოდ მიიჩნევდა, მრისხანე აბასი ოსმალებთან ომის განახლებას მოერიდა.
თანაც, სანამ შაჰი ქართლიდან ქუთაისამდე მივიდოდა, ხშირი და დაბურული ტყეები უნდა გაევლო. ლიხის ქედის გადალახვა კი ვერც ჯალალედინმა შეძლო და ვერც მონღოლებმა მოახერხეს. მხოლოდ თემურლენგმა სცადა ეს ერთხელ და ქუთაისამდე მაინც ვერ მიაღწია, დიდად დაზარალებული უკან გამოიქცა. ჰოდა, შაჰ აბასიც ვერ ბედავდა იმერეთში გადასვლას — დაბურულ ტყეებში მისი ჯარი ვერც ზარბაზნებს გამოიყენებდა ჩასაფრებული ქართველების წინააღმდეგ და ვერც თოფ-იარაღისა თუ რიცხობრივ უპირატესობას.
ამიტომაც არად ჩააგდეს ქუთაისის სასახლეში „ირანის ლომის“ ულტიმატუმი. პირიქით, აბასის წერილმა ისე განარისხა იმერეთის მეფე გიორგი, რომ სიბრაზე სპარსელ ელჩთანაც ვერ დამალა. უარით გაისტუმრეს შაჰის დესპანი.
აბასი ვერ ეგუებოდა ამ მარცხს და კიდევ ერთხელ ესტუმრა სარუ ხოჯა იმერეთს — ამჯერად ლუარსაბის მოთაფვლა ჰქონდა დავალებული. შაჰი ლუარსაბს ამუნათებდა, მე ურჩი თეიმურაზის კახეთი ავაოხრე, თორემ შენი სამეფოსთვის ხელიც არ მიხლია, ნუ უჯერებ მრჩევლებს, ქართლში დაბრუნდი და შენი სამეფო ჩაიბარეო.
მაგრამ არ ირწმუნა ქართლის მეფემ შაჰის შენათვალი და სარუ ხოჯა ისევ ხელცარიელი დაბრუნდა ქართლში.
ცოფებს ჰყრიდა დამცირებული „ირანის ლომი“, როცა მსხნელად შადიმან ბარათაშვილი მოევლინა — ლუარსაბ მეფის გამზრდელი, მისი მამა-მძუძე, სუფრაჯი და ქვემო ქართლის სადროშოს მეთაური. დაემხო აბასის წინაშე და შეჰღაღადა, მე გადმოვიყვან ლუარსაბ მეფეს იმერეთიდან, თუ მიბრძანებ, მე დამიჯერებს ჩემი გაზრდილიო.
შაჰი დაეთანხმა შადიმანის შეთავაზებას, იმანაც კიდევ ერთხელ დაუკოცნა ფეხები მტერს და სარუ ხოჯასთან ერთად მიაშურა იმერეთს.
არ გასჭირვებია ენამზე შადიმან ბარათაშვილს გაზრდილის დათანხმება, ყოვლისშემძლე შაჰს ხლებოდა. რა თქმა უნდა, მოღალატე შადიმანი შაჰის გულის მოსაგებად ყველაფერს კადრულობდა, მაგრამ როცა ლუარსაბს მოსალოდნელი მოვლენების სურათს უხატავდა, მაინცდამაინც არ ტყუოდა: სპარსელებმა კახეთი კი გაასწორეს მიწასთან, მაგრამ ქართლი ამ აოხრებას, ავად თუ კარგად, გადაურჩა. და თუ ლუარსაბი შაჰთან არ გამოცხადდებოდა, განრისხებული აბასი ქართლში კახეთზე უფრო დიდ უბედურებას დაატრიალებდა. ამ შემთხვევაში ქართლის მეფეს ორი გზა რჩებოდა: ან უნდა შებრძოლებოდა სპარსელებს და გაედევნა ისინი საქართველოდან (რაც მის შესაძლებლობას აღემატებოდა), ან შაჰის მრისხანების დასაცხრობად და ქართლის გადასარჩენად მასთან გამოცხადებულიყო და დემეტრე თავდადებულის მსგავსად თავი გაეწირა ქვეყნისათვის.
და ლურსაბს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში შადინამ ბარათაშვილის ენამჭევრობა დაეხმარა.
იმერთა მეფეც, დადიანიცა და გურიელიც ურჩევდენ, არ ჩავარდნილიყო მტარვალის ხელში, მაგრამ მტკიცე და შეუვალი იყო ქართლის მეფე:
„შაჰი მოვიდა და დადგა ჩვენი სამშობლოს შუაგულში და მთხოვს მშვიდობის ჩამოგდებას. უკეთუ არ მიუვალ, მთელს ქვეყანას იავარჰყოფს, ააოხრებს და წაბილწავს. ეკლესიებს დაანგრევს, ქართველობას ამოხოცავს და ტყვედ წაიყვანს და ყოველივე ამის მიზეზი ვიქნები მე. სინდისდამძიმებულ ცხოვრებას ამ ხანმოკლე საწუთროში და ამდენი ხალხის ცოდვის ტვირთვის უმჯობესია, ვეახლო შაჰს და ვიხსნა მთელი ქვეყანა, რამეთუ ჩემის მიზეზით ჩემი სამშობლო არ აოხრდეს. ღვთის იმედით პირდაპირ წავალ მასთან, ხოლო იქ რაც მომელის, სიკვდილი თუ სიცოცხლე, იყოს ნება კურთხეულ უფლისა“.
ლიხის ქედთან შეეგება შაჰი ცოლისძმას, ლუარსაბს ცხენდაცხენ მიეჭრა, გადაეხვია და შეჰბღავლა: „როგორ შემიძლია მოგაგო ბოროტი რამე ეგზომ ახოვანსა, მშვენიერსა და ერთგულსა ძესა ჩემსა?!“
დიდი მისართმეველი მიართვა ფარისეველმა აბასმა ლუარსაბს. დიდებული სანადიმო სუფრაც გაუშალა და იმის მერე გვერდიდან არ მოუშორებია ქართლის მეფე. ზარ-ზეიმით ჩაიყვანა ცოლისძმა გორში, იქაც „დიდის სიყვარულითა“ და „სიწრფოებით“ ინადიმ–ინადირეს.
საქმე ისაა, რომ სპარსეთის ხელმწიფე ქართლში მთლად დაცულად ვერ გრძნობდა თავს. შიში ჰქონდა, ვაითუ თავზეხელაღებული ქართველები თავს დამესხნენო და ამიტომაც იყო დათაფლული ცოლისძმის მიმართ. თანაც, ეჭვების გასაფანტად დაპირებებსაც უხვად იძლეოდა.
ამ ფარისევლობით აბას პირველმა ლუარსაბის მომხრეებს აფიქრებინა, რომ ქართლის მეფეს მართლა არ ემუქრებოდა საფრთხე... მაგრამ თბილისში ყველაფერი გაცხადდა. როცა შაჰმა ლუარსაბს ყარაიას ველზე ნადირობა შესთავაზა, უკვე ყველა მიხვდა, რომ მტარვალი მეფის საქართველოში დატოვებას არ აპირებდა.
ნადირობისას ქართლის მეფემ ყველა დაჯაბნა — თვით შაჰ აბასიც კი, რომელიც მართლა კარგი მონადირე იყო. ლუარსაბს შაჰზე ცხრამეტით მეტი ნადირი მოეკლა. ქება შეასხა აბასმა ლუარსაბს, მოეფერა და მიუალერსა, მაგრამ მალულად დაიბოღმა მარცხის გამო. არადა, ურჩევდა ლუარსაბს თავისი და, არ ეჩვენებინა სიმარჯვე შაჰისთვის. მაგრამ ქართლის მეფემ მშვიდად მიუგო დას: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“.
სტამბულიდან დაბრუნებულმა ირანის ელჩმა მოჰამედ ბეგ თალიშმა შაჰს ამცნო, რომ იმერეთში ყოფნისას თეიმურაზსა და ლუარსაბს ოსმალი ხონთქრისთვის ქვეშევრდომობა და ირანის წინააღმდეგ საომარი დახმარება ეთხოვათ. ამ ცნობამ შაჰი გააცოფა, მაგრამ თავი შეიკავა. თუმცა, რომ არ გაჰპარვოდა, ცოლისძმას დაცვა გაუძლიერა, თანაც ეს ისე გააკეთა, თითქოს ლუარსაბის უსაფრთხოებას იცავდა.
ერთ დღეს შაჰ აბასმა ლუარსაბ მეფეს თავზე ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს ჯიღა დაადგა თავზე — ეს ჯიღა ჩემი სიყვარულის ნიშნად გქონდეს და ყოველთვის თავზე გედგას ჩემთან შეხვედრის ჟამსო, უთხრა.
მართლაც, რამდენიმე დღე ასე ხვდებოდა შაჰს ქართლის მეფე, მაგრამ ერთხელაც ლუარსაბი თავშიშველი შეხვდა ირანის ხელმწიფეს.
— ჯიღა სად არის, შვილო ჩემო? — იკითხა შაჰმა, როცა ისინი სპარსელ დიდებულებთან ერთად მიუსხდნენ სუფრას.
დავკარგეო, მიუგო ლუარსაბმა, სხვა ნივთებთან ერთად მოუპარავთო ქურდებს.
გაცოფდა შაჰი, სპარსელ დიდებულებს „დაერია“ და უბრძანა, ყველაზე მამაცი და ფხიზელი ჩაუშები დაუნიშნეთ ყარაულად ლუარსაბს, რათა დღე და ღამე თვალდაუხუჭავად იცავდნენ მის სიცოცხლესა და ქონებასო.
არადა, ნათელი იყო, რომ ის ძვირფასი ჯიღა სწორედ შაჰის გაწვრთნილმა ქურდებმა მოიპარეს მისივე დავალებით, რათა ლუარსაბ მეფე, მისი დაცვის მომიზეზებით, შინაპატიმრობაში მოექციათ.
ამ დროს ირანისკენ მიმავალი ურდო ყარაბაღს იდგა. ირანამდე სიტყვა არ დაუძრავს შაჰს სარწმუნოების შეცვლაზე, მაგრამ მაზანდერანს მისვლისთანავე მოსთხოვა ქართლის მეფეს რჯულის შეცვლა. სანაცვლოდ კი პატივსა და უთვალავ სიმდიდრეს აღუთქვამდა.
მაგრამ ლუარსაბმა „არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო, ვითარცა ანდამატი და შეუძვრელ, ვითარცა კლდე უშიშ იყო, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა“.
ამ საქმიდან რომ არაფერი გამოვიდა, ქართლის მეფე შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში ჩააგდეს, მერე შირაზს გადაიყვანეს გულაბყალას ციხეში. იქაც არ აძლევდნენ მოსვენებას, შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან მოლები, რომ „ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე“ მოექციათ ქართლის მეფე, მაგრამ ლუარსაბი მტკიცე იყო და შეუვალი.
იდგა 1622 წელი. ლუარსაბ მეორის გასათავისუფლებლად შაჰთან რუსთა ხელმწიფემ მიხელ რომანოვმაც იშუამდგომლა. შაჰი რუსის ელჩებს მის გათავისუფლებას კი შეპირდა, მაგრამ შირაზში სასწრაფოდ გაგზავნა მსახური და ქართველთა მეფეს ქრისტეს უარყოფა უკანასკნელად მოსთხოვა. მეფემ პასუხის ღირსიც არ გახადა ირანის ლომი. და განრისხებულმა აბასმა ლუარსაბის წამებით მოკვდინება ბრძანა.
ლოცვის უფლება ითხოვა მეფემ სიკვდილის წინ. ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები შევიდნენ დილეგში და მშვილდის საბლით მოაშთეს ღვთისმოსავი მეფე. მერე სხეული ციხის ეზოში დაფლეს, მოკვეთილი თავი კი შაჰს გაუგზავნეს, რომელმაც ყურში წაავლო ხელი და უფსკრულისკენ მოისროლა იგი.
დღემდე ირანში განისვენებს ქართლის მოწამე მეფის ცხედარი...