ამ მცდარი მოსაზრების გასაბათილებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველაზე თვალნათელი მაგალითია თბილისის ხელოსანთა აჯანყება, რასაც 1865 წლის ივნისის ცხელ დღეებში ჰქონდა ადგილი. გამწარებულმა ხალხმა ქალაქში ისეთი ამბები დაატრიალა, თბილისს მანამდე რომ არასდროს ენახა.
თბილისის ხელოსნები, რომლებსაც ყარაჩოღელთა (ყარაჩოღელი თურქულიდან ითარგმნება როგორც „შავჩოხიანი“) სახელითაც ვიცნობთ, მეომარი და უშიშარი ადამიანები გახლდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ საომარი ვითარების დროს ყარაჩოღელები ფრონტზეც გაჰყავდათ და ქალაქში წესრიგის დაცვასაც ანდობდნენ. მაგალითად, 1803 წელს განჯის ციხის აღებისას ბრძოლებში ქართულ ჯართან ერთად თბილისის ხელოსნობაც იღებდა მონაწილეობას; 1826 წელს ამქრები დარაჯობდნენ ნავთლუღის ჰოსპიტალს; 1854 წელს, ოსმალეთთან ომის დროს („ყირიმის ომი“) გენერალმა რეადმა, სხვებთან ერთად, თბილისელი ხელოსნებიც გაიწვია ფრონტზე და ისინიც უკლებლივ ყველა შეიარაღებული გამოცხადდა ადგილზე.
ქოლერისა და შავი ჭირის დროს, როცა თბილისის მცხოვრებნი ქალაქიდან თავგზააბნეული გარბოდნენ და თავიანთ მკვდრებსა თუ ავადმყოფებს ბედის ანაბარა ტოვებდნენ, ამქრის წევრები ქალაქში დარჩნენ, რათა სნეულებისთვის და მიცვალებულთათვის პატრონობა გაეწიათ.
ყარაჩოღელების შრომისმოყვარეობაზე, თავაზიანობასა და პატიოსნებაზე მაშინ ლეგენდები დადიოდა. თუმცა, როდესაც ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, დიდი აჯანყება მოაწყვეს.
1865 წელს თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, ქალაქის კეთილმოწყობისათვის საჭირო ხარჯები გადასახადების გაზრდით ამოეღო. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ბაჟი ქალაქში შემოტანილ საქონელზე, ქალაქის მაშინდელი თავის შერმაზან ვართანოვის განკარგულებით, მომატებული ბეგარა ვაჭარ-ხელოსნებსაც შეეხო. ეს კი მეტად მძიმე ტვირთად დააწვა წვრილ ვაჭარ-ხელოსნებს და ისინიც, ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ წავიდნენ.
მაგრამ ქალაქის გამგეობამ ყურს მიღმა გაატარა ამქართა პროტესტი. ის კი არა, ვართანოვმა ახალი განკარგულება გასცა გადასახადების დაუყონებლივ ამოღებაზე. ამის საპასუხოდ 1865 წლის 26 ივნისს ამქრები ახლანდელი თავისუფლების, მაშინ კი ერივანსკის მოედანზე შეიკრიბნენ (დიახ, ერივანსკის მოედანი. 1827 წელს რუსეთის ჯარებმა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით აიღეს ციხე-სიმაგრე ერივანი. სხვა ჯილდოებთან ერთად, პასკევიჩს გრაფ ერივანსკის ტიტულიც უბოძეს. სწორედ ამ გენერლის სახელი ეწოდებოდა ერთ დროს თავისუფლების მოედანს). მღელვარების მოთავეებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის თავს, მეფის ნაცვალს და თვით იმპერატორსაც კი, რომ გაეუქმებინათ უკანონო გადაწყვეტილება. მაგრამ მათ საჩივარს შედეგი არ მოჰყოლია.
და როცა თხოვნით ვერაფერს გახდნენ, 27 ივნისს თითქმის მთელი ქალაქი გაიფიცა. დილიდან დაიხურა ყველა დუქანი, სახელოსნო, საბაყლო, ყავახანა, გაჩერდა ეტლები და ათი ათასამდე ხელოსანმა, მეეტლემ, მეთულუხჩემ, მეფორნემ, შავმა მუშამ, მემწვანილემ და სხვამ, კეტებსა და ხანჯლებს წამოავლეს ხელი და აჯანყდნენ. მათ მხარი აუბა ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამაც. სოფლიდან ქირაზე ჩამოსულმა გლეხებმა თუ წვრილმა ვაჭრებმა საპოლიციო სამმართველოს შეუტიეს. ღარიბი თბილისელები მათ ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნოკებს, მევახშეებს, გადამყიდველებს დაერივნენ.
ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ მანსვეტაშვილი თავის „მოგონებანში“ წერს:
„სხვა ღონე არ იყო. ხალხმა ძალას მიჰმართა. დუქნები დაიკეტა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მეთაურებიც გამოუჩნდნენ. მახსოვს ერთი ავლაბრელი მებაკე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ, მგონი მოსე კოლოტაშვილი იყო იმის გვარი. ძალადობამაც იჩინა თავი. ხალხი ბრალსა სდებდა ქალაქის მოთავეს, გვარად ბაჟბეუქ-მელიქოვს, ვითომ ის ჰმალავდა ფქვილს და პურის სიძვირე იმიტომ ჩამოვარდაო. ბრბო მიადგა დაწესებულებას და სთხოვდა ბაჟ-ბეუქს გამოსულიყო მოსალაპარაკებლად. ის იქ არ აღმოჩნდა. ბრბო გაეშურა იმის საკუთარ ბინაზე, მგონი, კუკიაში. აქაც უთხრეს, შინ არ არისო. აღელვებულმა და მოთმინებიდგან გამოსულმა ხალხმა არ დაუჯერა შინაურებს და თვითონ შეუდგა სახლის ჩხრეკას. მართლაცდა ბანზე, სახურავის ქვეშ, აღმოაჩინეს მიმალული ბაჟ-ბეუქი. ამ არასაკადრისი საქციელით აღელვებულმა ხალხმა ძალადობა იხმარა: ბაჟბეუქი მეორე სართულის სიმაღლიდგან ძირს გადმოაგდეს და დამსხვრეულ-დასახიჩრებულმა იქვე განუტევა სული. მერე მიჰყვეს ხელი და მთელი სახლი აიკლეს, ყველაფერი მილეწ–მოლეწეს და ოჯახობაც დააწიოკეს“.
დიდმა არეულობამ მოიცვა სოლოლაკი, ავლაბარი, ნავთლუღი. ავლაბარში აჯანყებულებს მებაკე მოსე მეთაურობდა. მთავრობამ ჯარი გაგზავნა მათ დასასჯელად, მაგრამ ცხვირიც ვერ შეყვეს ავლაბარში. შეშინებულმა ხელისუფლებამ აჯანყებულთა დასაშოშმინებლად მედიატორობა საქართველოს მეფის გიორგი XII-ის ნათესავს ირაკლი გრუზინსკის (ბაგრატიონი) სთხოვა. მართალია, გრუზინსკის დიდ პატივს სცემდნენ თბილისელები და მის სიტყვასაც ფასი ჰქონდა, მაგრამ შეშინდა მაინც, ვერ გავიდა აღელვებულ ხალხთან.
მაშინ ხელისუფლებამ დასახმარებლად სახელოვან პოეტს, გენერალსა და მეფისნაცვლის მოადგილეს გრიგოლ ორბელიანს მიმართა.
იაკობ მანსვეტაშვილი წერს:
- „ამან ჯერ ყიზილბაშურ ხერხს მიჰმართა: ტკბილი, მლიქვნელი ენით დაუწყო ხალხს ლაპარაკი, დარიგება და ურჩევდა დამშვიდებას და შინ დაბრუნებას. ხალხი მას ყიჟინით დაუხვდა და შტვენით გაისტუმრა. განრისხებულმა ორბელიანმა ბევრი აღარ დაახანა, ხალხს ჯარი მიუსია და გაფანტა, ავლაბარი ააკლებინა. მეთაურები შეიპყრეს, მათ შორის მოსეც, რომელიც, როგორც გამიგონია, სამართალს ვეღარ ეღირსა და ციხეში გარდაიცვალა“.
მოკლედ, არ გაჭრა ჟანდარმად ქცეული სახელოვანი პოეტის ენამზეობამ და არც მუქარამ. გამწარებულმა ხალხმა გენერალს ბოლომდე არც მოუსმინა. როცა მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა ხალხს მიმართა – შვილებო, გონს მოდით, დამშვიდდით, კანონი ყველასათვის ერთია. კაცი მთავარმართებელი ვარ და ცხენის ხარჯს მეც ვიხდიო, მას დაცინვით გამოეპასუხნენ – თქვენ ცხენს აჭმევთ, ჩვენ კი ცხენი გვაჭმევსო.
ხალხის დაშოშმინება უსტაბაშებმა (ამქართა წინამძღოლებმა) და სამოქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემაც სცადეს. მათაც მოუწოდეს აჯანყებულებს სახლში დაბრუნებისკენ. მაგრამ უშედეგოდ. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ: „ძნელია ელაპარაკო კუჭს, რადგან მას ყურები არ აქვს“. გამწარებულმა ხალხმა აიკლო ქალაქის თავის ბინა, მოკლა გადასახადების ამკრები მელიქოვი და მისი სახლი დაარბია.
მთავრობა შედრკა, შეშინდა და „წესრიგის აღსადგენად“ ჯარი გამოიყვანა. მუხროვანიდან მოიტანეს ზარბაზნები და ავლაბრის ორივე ხიდზე, თათრის მოედანზე პოლიციის შენობასთან, კუკიის ხიდთან და ჩუღურეთის სიახლოვეს განალაგეს. ამის შემდეგ გრიგოლ ორბელიანისა და ტფილისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით თბილესელებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯარისა და მოქალაქეთა დაპირისპირება ორ დღეს გაგრძელდა. დაიღუპა ოცზე მეტი პროტესტანტი, 16 კაცი ციმბირში გადაასახლეს, ხოლო 32-ს ხვადასხვა სახის პატიმრობა შეეფარდა. მსხვერპლი იყო ჯარისკაცებშიც.
აჯანყებას, მიუხედავად დამარცხებისა, დადებითი შედეგები მაინც მოჰყვა. მთავრობა იძულებული გახდა ზოგ დათმობაზე წასულიყო...