რით დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია. 17.11.2020
ოპოზიციის აქცია. 17.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებამ, შეწყვიტონ ბოიკოტი, ოპოზიციაზე არ იმოქმედა

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა: ოპოზიცია კვლავ ახალ არჩევნებს ითხოვს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობას არ აპირებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს >>

ფილიპ რიკერი საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად ეწვია და დარჩა საქართველოში პომპეოს გამგზავრების შემდეგ, რათა არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვედროდა. შეხვედრა მიმდინარეობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ფონზე, რომლითაც ოპოზიციას მოუწოდეს პარლამენტში შესვლისკენ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისკენ, რათა მომდევნო არჩევნები უკეთ ჩატარდეს.

„არანაირი პირდაპირი მოწოდება (პარლამენტში შესვლის - რედ.) არ ყოფილა, ეს შეუძლებელიცაა, თუმცა მისი მხრიდან შემოთავაზება იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად იქ, სადაც შეიძლება მუშაობდეს, მაგალითად, სასამართლო, საარჩევნო კომისია, მსგავსი ინსტიტუტები, საქართველოში ასეთი არ არსებობს “, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება მოლაპარაკების მესამე რაუნდს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყო იმ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელსაც მოდერაციას ამერიკის და ევროკავშირის ელჩები უკეთებენ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ჩვენს სითამამეს სიმართლე, ოპოზიციის თავშეკავებას კი სიყალბე უდევს საფუძვლად

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა, რით დაემთხვა მხარეთა პოზიციები.

„ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია რომ დაგვერწმუნებინა (რიკერი, - რედ.). ამიტომ დარღვევებთან და ამ დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. რაც შეეხება იმას, ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ თუ არა და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევებისგან, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები. ამ თემაზე კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ და საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ .

ამასთან, მიუთითა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, ჩატარდეს ახალი არჩევნები, ძალაში რჩება.

„ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლებიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი მოლაპარაკების მესამე რაუნდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდზე მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან... მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც.

„ყურადღებით მოისმინეს ფაქტები არჩევნების გაყალბებაზე... გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთული არის ეკონომიკური, მდგომარეობა, რაოდენ რთული არის მდგომარეობა რეგიონში, მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა“, – განაცხადა ვაშაძემ.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
აქცია ბათუმში: ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების ფოტოები ჰელიუმის ბუშტებზე

თავად ფილიპ რიკერმა მოლაპარაკებათა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,23%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,18%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%,  „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს და საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება და მეორე ტურის ბოიკოტირებას და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმას გეგმავს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0