კობახიძე: ჩვენს სითამამეს სიმართლე, ოპოზიციის თავშეკავებას კი სიყალბე უდევს საფუძვლად

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავს.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 

ქუთაისი - Sputnik საქართველო
ქუთაისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

გუშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“.

სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა პია კაუმამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, ბოიკოტის რეჟიმიდან კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში.

„იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას. გვსურს კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროდ, ისინი უარს აცხადებენ ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და მათი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: ეუთოს მისიამ დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

ცესკოს მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში ცხრა პარტია და ბლოკი შევიდა, მათ შორის არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ (48,22%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“(27,18%), რომლის შემადგენლობაშიცაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები არ შეცვლილა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0