თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და გაატარონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესაჯამებლად სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ისწავლონ ერთად მუშაობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.
„ეს არის ის, რასაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს – დააბრუნონ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან... იმისთვის, რომ იპოვონ გამოსავალი, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, რადგან მათ პარლამენტში ერთად მუშაობა მოუწევთ, შეადგინონ პროგრამა, პარლამენტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მნიშვნელოვან რეფორმას“, – აღინიშნა ბრიფინგზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველო 20 წელია მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე, თუმცა ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესშია.
„სწორედ ეს დავინახეთ ამ არჩევნებზე. ბევრმა, ისევე, როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ასევე დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
არჩევნები საქართველოში: IRI-ს შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა>>
მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.