საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს

© photo: Sputnikსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები აღიარებენ, რომ ქვეყანაში ინფექციამ სერიოზული მასშტაბები მიიღო და მასთან ბრძოლა ერთიანი ძალებითაა საჭირო.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ინფიცირების საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციაზე. 

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრთხის შემცველი არა გარდაცვლილის ცხედარი, არამედ პანაშვიდებზე ხალხმრავლობაა.

„კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკ–ფაქტორი არის სასიხარულო თუ სამწუხარო მიზეზთან დაკავშირებული დიდი თავყრილობები. ამიტომ ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში 37 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ვირუსმა ჯამში 636 ადამიანი იმსხვერპლა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ მივიდა საქართველო ამ მდგომარეობამდე, გამყრელიძემ უპასუხა, რომ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად საჭიროა ყველამ ერთად იბრძოლოს პანდემიის წინააღმდეგ. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა გაფართოვდეს

„ნუ ვისაუბრებთ ვინ, სად და რა შეცდომა დაუშვა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციამ სერიოზული მასშტაბები მიიღო და ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. კითხვა – როგორ მივედით აქამდე? რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახურის მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები და კიდევ ჩვენი მოსახლეობის თავდაჯერებულობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ცალკე აღებული ვერც ერთი ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს, ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოხდეს.

თვის ბოლომდე ქვეყანაში საწოლფონდი 8,5 ათასამდე უნდა გაიზარდოს, თუმცა, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ არსებობს გეგმა B, რომელიც ითვალისწინებს დიდი სივრცეების მობილიზაციას, აღნიშნა გამყრელიძემ. მისი თქმით, ე.წ. საველე ჰოსპიტლების იდეა მუშავდება და განხილვის პროცესშია, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას.

დღეისათვის საქართველოს კლინიკებში 4 751 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის 73 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

ყველა ახალი ამბავი
0