თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი 32 წლის ქალია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
რუსთავში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა>>
ახალგაზრდა ქალი აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე იყო მძიმე, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„ავადმყოფს სასწრაფოდ გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც აღმოჩნდა ფილტვის 80% დაზიანება. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რასაც დაერთო თირკმლის მწვავე უკმარისობა და გუშინ ეს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა“, – განაცხადა კიკაბიძემ.
ბოლო 24 საათში თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - რვა, ქვემო ქართლში - სამი, კახეთში კი ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 636-ს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73154-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში ქვეყნის მდგომარეობა გაუარესდა, კერძოდ, კორონავირუსის ლაბორატორიულად გამოვლენილი ფაქტების რაოდენობით საქართველო ქვეყნებს შორის 67-ე ადგილზეა.
მარტვილში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.