თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის მიერ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
საქართველოში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს 1 დოლარის ყიდვა 3,23 ლარად შეიძლებოდა, ახლა სავალუტო ჯიხურებში მისულ მომხმარებელს ამისთვის უკვე 3,40 ლარი სჭირდება.
„სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა და საჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და, შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი გახდა. შესაბამისად, ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას.
„ლარის დევალვაცია, განსაკუთრებით განგრძობითი ხასიათის, აფერხებს საინვესტიციო საქმიანობას: ასეთ დროს მცირდება მომავლის განჭვრეტადობის ხარისხი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რთულდება რეალისტური ფინანსური გეგმების შედგენის შესაძლებლობა და მათი შემდგომი იმპლემენტაცია და სხვ.“ – ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, თითქოს ლარის დევალვაცია პრობლემას უქმნის ბიზნესის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს (მაგალითად, მარტო იმპორტიორებს). სინამდვილეში ზარალდება ყველა სფერო, რადგან ეცემა მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი და მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, შესაბამისად, მცირდება კომპანიების შემოსავლები, უარესდება ბიზნეს- და სამომხმარებლო განწყობები და სხვ.
„აქვე ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციის განმარტებით, ცნობილია ის ფაქტიც, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და შესაბამისი ნეგატიური მოლოდინები და ა.შ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID-19-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან ბიზნეს–ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ნებისმიერ ფორმატში პროფესიულ და კვალიფიციურ დონეზე გააგრძელოს დიალოგი არსებული მდგომარეობის განსახილველად. შედეგად, მინიმუმ პანდემიის პერიოდში, უნდა შემუშავდეს დამატებითი მიდგომები, რომლებიც დააბრუნებს სავალუტო ბაზარს წონასწორობის მდგომარეობაში და ძალიან მძიმე დარტყმას ააცილებს ქართულ ბიზნესს.
ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან ეროვნულმა ბანკმა უკვე 21 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 709 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.
სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.
გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.