თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია.
ზალკალიანი მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისა და ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი პარტნიორები უსვამენ არჩევნების თავისუფალ და პლურალისტურ გარემოში ჩატარებას და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან იმ რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ასევე დასავლური ღირებულებების ერთგულების გზით ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებას!“ - წერს დავით ზალკალიანი.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.
ცესკოს მონაცემებით, მმართველმა გუნდმა ამომრჩევლის ხმების 48,15% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,14%. მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 9 პოლიტიკური სუბიექტი – 7 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.
თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა, მათთვის 3,8 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლის აქტივობამ 56,11% შეადგინა. კენჭისყრის დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა 1 970 540–მა მოქალაქემ.