თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი, თუმცა ხმის მიცემის პროცესში შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ელემენტებიც.
თუმცა გამოვლენილი დარღვევები არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის, აღნიშნავენ საელჩოში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური მისია მოუწოდებს მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში.
„როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო ასევე მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას.
საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.
ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემებით, პარლამენტში შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
1%–იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა:
– „ევროპული საქართველო“ (დავით ბაქრაძე) – 3,78% (72 752 ხმა)
– „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) – 3,15% (60 493)
– „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე) – 3,16% (60 691)
– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15% (60 592)
– „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 2,89% (55 600)
– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33% (60 493)
– „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 281).
დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
სხვა პარტიები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო" (0,85%, 16 328 ხმა)1%–იან ბარიერს ვერ ლახავენ.
ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ.