თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო შესაძლო არეულობებისთვის ემზადება, რაც შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვეს, იუწყება CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სასაზღვრო–საბაჟო და იმიგრაციულ–საბაჟო პოლიციის ოფიცრების მომზადება, რომლებიც, შესაძლოა, ჩართონ ფედერალური მნიშვნელობის შენობების დაცვის საქმეში.
„თუ აუცილებლობა დადგა, ჩვენ გვყავს მომზადებული გუნდები“, — ციტირებს ტელეარხი აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის კენ კუჩინელის განცხადებას.
თუმცა, როგორც კუჩინელიმ განმარტა, მის უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობის საფრთხის თაობაზე ამა თუ იმ შტატში.
როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ფედერალური და საქალაქო ხელისუფლებები მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს ელოდებიან იმ დიდ ქალაქებში, რომლებშიც უმრავლესობა დემოკრატ კანდიდატს ჯო ბაიდენს უჭერს მხარს. კერძოდ, საუბარია ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე.
სკანდალური წერილის დაბლოკვა: „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ხელმძღვანელები სენატში დაიბარეს>>
ოფიციალური პირების განმარტებით, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლო მღელვარებებისთვის მომზადება მაინც საჭიროა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს არის დანიშნული. თეთრი სახლის დასაკავებლად მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი იბრძვიან. პრეზიდენტთან ერთად არჩეული იქნება სენატის შემადგენლობის მესამედი, წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და ასევე არაერთი გუბერნატორი.