თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სენატის პროფილურმა კომიტეტმა Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელებს მარკ ცუკერბერგსა და ჯეკ დორსის უწყებები გაუგზავნა მათი გადაწყვეტილების გამო – დაებლოკათ New York Post-ის სკანდალური სტატია დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის შესახებ.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სენატში ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართა, რა დროსაც რესპუბლიკური პარტიის 12-მა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წინადადებას. რაც შეეხება დემოკრატებს, ისინი დარბაზში არ იმყოფებოდნენ, ვინაიდან ბოიკოტი გამოუცხადეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ემი ბარეტის კანდიდატურას. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა იმავე დღეს იყო ჩანიშნული.
როდის გაიმართება გიგანტი სოციალური ქსელების ხელმძღვანელების მოსმენები, ჯერჯერობით უცნობია.
გასულ კვირაში გაზეთმა New York Post-მა რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა იმ მიმოწერაზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქში აღმოაჩინა დელავერის შტატის ერთ-ერთი კომპიუტერული სახელოსნოს სპეციალისტმა. ხელოსანმა ნოუთბუქის მყარი დისკის ასლი შექმნა და ის დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს რუდი ჯულიანის გადასცა, რომელმაც მასალები მედიასაშუალებას მიაწოდა და ეს გამოქვეყნდა კიდეც The New York Post-ში. ნოუთბუქში აღმოჩენილი კონფიდენციალური ინფორმაცია ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობის მრჩეველთან ვადიმ პოჟარსკისთან მიმოწერას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენი მანამდე თავადაც მუშაობდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში.
14 ოქტომბერს Facebook-მა საკუთარ პლატფორმაზე შეზღუდა აღნიშნული გაზეთის პუბლიკაციის გავრცელება, ხოლო Twitter-მა პუბლიკაციის გაზიარების შესაძლებლობა დაბლოკა.