ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2021 წელს ოთხი ქართველი საბავშვო მწერალია წარდგენილი

© AP Photo / Jonas Ekstromerასტრიდ ლინდგრენის პრემიით დაჯილდოების ცერემონია
ასტრიდ ლინდგრენის პრემიით დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პრემიის პრეტენდენტი წელს სულ 69 ქვეყნის 263 წარმომადგენელი გახდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე 2021 წლისთვის ხუთი ნომინანტი წარადგინა. ნომინანტების ვინაობა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ესენი არიან საბავშვო ავტორები ირმა მალაციძე, მარიამ წიკლაური, ბონდო მაცაბერიძე, თეა თოფურია, ასევე წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს. 

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

პრესტიჟული პრემიისთვის 69 ქვეყნის 263 მონაწილეა წარდგენილი. ლაურეატებს 2021 წლის 13 აპრილს დაასახელებენ.

ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს.

მარიამ წიკლაური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი და მთარგმნელია. არის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რომელთა შორისაა „შოთაობა“, „საგურამო“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და სხვ. მარიამ წიკლაურის პოეზია და თარგმანები ჩართულია ბევრ ქართულ და უცხოურ კრებულებსა და სახელმძღვანელოებში.

ბეჰემოთი ბეგი - Sputnik საქართველო
წიგნმა თბილისში საშინელი წყალდიდობის შესახებ გერმანიაში პრიზი მიიღო

თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. მისი საბავშვო წიგნის „წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანულმა თარგმანმა, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

ბონდო მაცაბერიძე ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალია. წარმოშობით სამტრედიიდან არის. აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ის ავტორია ცნობილი ზღაპრებისა და კრებულებისა: „ზღაპრები ბექნა ბიჭზე", „ზღაპრები თეკლა გოგოზე", „ზადო და ბადო", „ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე" და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ და სხვა მრავალ ენაზე. მაცაბერიძე ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2018 წელსაც იყო ნომინირებული.

თბილისში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ>>

ირმა მალაციძე საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. დაიბადა 1968 წელს ხაშურში. ის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსა და გაზეთში. პირველი გამარჯვებულია კონკურსის „ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“. არის კონკურსების „პენ–მარათონისა“ და „ლუარსაბ თათქარიძის“ ფინალისტი, „საბას“ ნომინანტი.

2020 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი და მხატვარი სამხრეთ კორეიდან პეკ ხინა.

ყველა ახალი ამბავი
0