თბილისში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

© photo: Sputnikიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟიურის შემადგენლობაში, რომელმაც საუკეთესო ავტორები და ილუსტრატორები გამოავლინა, შევიდნენ ლიტერატორები ლელა ცუცქირიძე, გიორგი ჭაუჭიძე, პაატა პაპავა, თამარ კვიჟინაძე და თამრი ფხაკაძე.

საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა გივი ჩიქვინაძის „მთების და ტყეების ამბები", საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად (3-დან 6 წლამდე ასაკის მკითხველისთვის) – თეა თოფურიას „წყალდიდობა ზოოპარკში".

მწერალთა სახლი - Sputnik საქართველო
„ნიკასთვის" - მწერალთა სახლი საქველმოქმედო აუქციონს აწყობს

საუკეთესო საბავშვო წიგნი (7-12 წლის მკითხველისთვის) – ვასილ გულეურის „მიკო და რეი", ხოლო საუკეთესო დებიუტად აღიარეს გიორგი მასხარაშვილის (ნილს სიმეონი) "14 კრისტალის თეორია“.

საუკეთესო ილუსტრატორები გახდნენ სონია ელიაშვილი წიგნზე „წყალდიდობა ზოოპარკში" მუშაობისთვის და ოლესია თავაძე სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებზე „ძალა ერთობაშია" მუშაობისთვის.

ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია" გაიმარჯვა ალექს ჩიღვინაძემ პიესით „დათვი ტყეში ბრუნდება", „საუკეთესო თარგმანი" – ციცო ხოცუაშვილი ჯერომ კ. ჯერომის „სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით" თარგმანისთვის, ასევე ლიკა ჩაფიძე ასტრიდ ლინდგრენის „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ" თარგმანისთვის.

კატეგორიაში „საუკეთესო საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი" გაიმარჯვეს მარიამ წიკლაურმა და ნინო ჩხიკვაძემ – სატელევიზიო პროექტით „კლუბი დო". ხოლო საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა საბავშვო პოეტ მზია ჩხეტიანს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. წელს კონკურსში მონაწილეობდა 54 წიგნი, 6 ინოვაციური პროექტი და ერთი პიესა.

პრემიის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის სამინისტროა.

ყველა ახალი ამბავი
0