გასულ კვირაში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ასევე გარკვეულ განწყობას კორონავირუსის პანდემია ქმნის.
ცესკოს გადაწყვეტილებები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას უკვე საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.
თბილისის 7 სტამბაში 3 160 900 ბიულეტენი დაიბეჭდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - 584 000 ბიულეტენი.
გარდა ამისა, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ კორონავირუსით დაავადებულთათვის, რომლებიც საკარანტინე ზონებსა და კლინიკებში იმყოფებიან. ამისათვის 127 სპეცუბანი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული წესები იმოქმედებს.
აგრეთვე ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიები წევრების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში არასრული შემადგენლობით სპეცჯგუფების სახით მაინც იფუნქციონირებენ.
ცნობილია საქართველოს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობაც - 3 526 032 ადამიანი.
ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს >>
კორონავირუსი და არჩევნები
კორონავირუსს კი მწყობრიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოჰყავს. გასულ კვირაში ინფექცია არჩევნების ორ ცნობილ მონაწილეს დაუდგინდა.
დაავადდა ლიდერი პარტიისა „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.
ასევე კორონავირუსს უკავშირდება გასულ კვირას მომხდარი სკანდალი, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ აქციაზე ბათუმში, შემდეგ კი ქუთაისში გამართულ აქციაზე ადამიანები არ იცავდნენ დისტანციას და პირბადეების გარეშე იყვნენ. ბლოკი მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
კვირის ინციდენტები
ამ კვირასაც არ ჩაუვლია ინციდენტების გარეშე. ორშაბათს საღამოს ბოლნისში მოხდა თავდასხმა „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატზე, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე კახა ოქრიაშვილზე.
ვინ იყო პიროვნება, რომელიც ავჭალაში ავტომობილში ჩაცხრილეს >>
შტაბის წარმომადგენლები სოფელ ნიხიდურიდან ავტომობილით თბილისში მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ სავარაუდოდ ბოლნისიდან ორი მანქანა აედევნა. ერთ-ერთმა გაუსწრო პოლიტიკოსებს, მეორე უკნიდან მიუახლოვდა. მათ გზა გადაუჭრეს შტაბის წარმომადგენლებს, აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა, რის გამოც პოლიტიკოსების მანქანა ხევში გადავარდა.
გარდა ამისა, ოპოზიციონერების მისამართით დაახლოებით ექვსჯერ ისროლეს.
ისმოდა სროლა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან დმანისში, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, დღემდე უცნობია.
ორივე შემთხვევას შსს იძიებს.
ანგარიშები არჩევნების წინ
ამასობაში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მსვლელობის შეფასებას აგრძელებენ.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აფასებს ცესკოს მუშაობას, საარჩევნო კამპანიების კუთხით მიმდინარე მდგომარეობას, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე COVID-19-ის ზემოქმედებას საარჩევნო პროცესებზე.
ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე და აქცენტს აკეთებს რამდენიმე ძირითად დასკვნაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ბოლნისსა და მარნეულში, საპროტესტო აქცია პანკისში, რომლის გამო პანკისის საზოგადოებრივმა რადიომ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა უარი მონაწილეობა მიიღოს დებატებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებში; ანონიმური გვერდები სოციალურ ქსელებში, რომლებიც როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ახდენენ.
ორგანიზაცია ურჩევს საარჩევნო სუბიექტებს თავი შეიკავოს ისეთი თემების განხილვისგან, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს საზოგადოებრივი დაპირისპირების და განხეთქილების რისკებს.
საკუთარი ანგარიში წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED). დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე და მასში მითითებულია ყველა გამოვლენილი დარღვევა, მათ შორის: პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ცხრა სავარაუდო შემთხვევა; სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის ორი ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი; ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ათი ფაქტი; შესაძლო პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან დათხოვნის სამი ფაქტი და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების 18 ფაქტი.