„პირველი არხის“ ეთერში მორიგი პოლიტიკური დებატები გაიმართა. ამჯერად მასში მონაწილეობა ცხრა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
გადაცემის სტუმრები იყვნენ:
- გიორგი ლაღიძე („მომავალი საქართველო")
- მერაბ შარაბიძე („გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია")
- ლაზარე ზაქარიაძე („ახალი ძალა")
- ზაზა წერეთელი („ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის")
- დავით მიროტაძე („რეფორმატორები")
- გურამ ფალავანდიშვილი („ქართული იდეა")
- ლაშა ცხადაძე („ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა")
- ლელა გულედანი („არჩევანი სამშობლოსთვის")
- თენგიზ ტყეშელაშვილი („საქართველოს განვითარების პარტია")
ეკონომიკური პროგრამა
„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ აქცენტს აკეთდებს ე.წ. „მწვანე ეკონომიკაზე“ და ქვეყანაში მწვანე საწარმოთა გახსნაზე. პარტიის მიზანია - „საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია“.
„ყველაფერი, რაც ეკოლოგიურია, ის ეკონომიურია. გარემოს დამაბინძურებელი ტექნოლოგიები, არამდგრადი მართვა ეკონომიკურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. ჩვენს ქვეყანაში უკვე არის მწვანე ეკონომიკის ჩანასახები. მაგალითად, ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასვლა, რაც წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან. არსებობს ბევრი პერსპექტიული მიმართულება, რომლებიც ამ მიდგომას აბსოლუტურად რეალისტურს ხდის. სხვა გამოსავალი არც გვაქვს, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“, - განაცხადა შარაბიძემ.
პარტია „ახალი ძალის“ პროგრამა ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარებას. საქართველომ უნდა გაატაროს ეკონომიკური რეფორმები, შეინარჩუნოს საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გააგრძელოს კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება.
„მთავარი, რაც გვინდა ვთქვათ - ჩვენ არ ვიჩემებთ, რომ პროგრამას განვახორციელებთ, მაგრამ ვიჩემებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ხედვა ზუსტია. ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი დაუბრუნდეს მიწას“, - განაცხადა ზაქარიაძემ.
პარტიის „ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის“ პროგრამა ითვალისწინებს ეკონომიკური რეფორმების გატარებას.
„ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობა იყოს ღია და მთელმა საზოგადოებამ მიიღოს მასში მონაწილეობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროფესიონალებთან და საზოგადოებასთან ერთად შეჯერდება ის საკითხები, რაზეც გვინდა, რომ სახელმწიფომ დახარჯოს ბიუჯეტი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი მიღება. მეორე - გვინდა გავათავისუფლოთ წნეხისგან მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს ნიშნავს გადასახადების შემცირებას ან მათგან სრულ გათავისუფლებას იმ საწარმოებისა, რომელთა შემოსავალი არის 5 ათას ლარამდე; და მესამე პრინციპი, რომელიც გვინდა განვახორციელოთ - ესაა ე.წ. 70/30 პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ გადასახადების 70% მოდიოდეს იმ საწარმოებზე, რომლებსაც მეტი შემოსავალი აქვთ, ასეთი კი დაახლოებით 30%-ია“, - განაცხადა წერეთელმა.
წერილი პუტინს, სამოთხე დედამიწაზე და კოოპერატივები სოფლად: ცოცხალი დებატები საქართველოში>>
პარტია „რეფორმატორების“ პროგრამის თანახმად, ბანკებს აუკრძალავენ უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემას. ბანკების წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 3%-მდე შემცირდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პოლიტიკური ძალა დაგვიჭერს მხარს ამ მიმართულებაში. ვინაიდან ბანკების თემა აწუხებს დღეს მთელ საქართველოს და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, როგორი პროცენტები გვაქვს. ზოგიერთი ქვეყანა პროცენტის განულებისკენ მიდის, 3% კი ის რეალობაა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მივაღწიოთ. ამის მიღწევა საკმაოდ მოკლე დროში შეიძლება“, - განაცხადა მიროტაძემ.
პარტია „ქართული იდეის“ პროგრამა ითვალისწინებს ქართული წარმოების აღორძინებას და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას.
„რაც შეეხება ასფალტის დაგებას, ხიდების მშენებლობას, ჩვენი დევიზია - არც ერთი მეტრი ასფალტი არ უნდა დაიგოს მანამ, სანამ ქვეყანაში თუნდაც ერთი მშიერი და უსახლკარო ადამიანია. უნდა აშენდეს სახლები ან დაიდგას კარვები, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება დაიძინონ და მიირთვან ცხელი საჭმელი. ამას სჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მაგრამ სახელმწიფოში ამის გაკეთების ნება არ არსებობს. ეს კი ნომერი პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
კაპიტალის ბაზრის განვითარება, სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდა, ბრძოლა უმუშევრობასთან - ასეთია პარტია „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის ნაწილი.
„რეალობაში ეს ძალიან მარტივად განხორციელებადია, თუ მიჰყვები სწორ მიმართულებას და სწორად აღიქვამ არსებულ სიტუაციას. ეკონომიკური მიმართულება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ვცდილობთ ისეთი მიმართულებით მივაწოდოთ საზოგადოებას ჯანსაღი აზრი, რომლის ფარგლებშიც ნამდვილად შევძლებთ განვითარებას ეკონომიკური მიმართულებით“, - აღნიშნა ცხადაძემ.
პარტიის „არჩევანი სამშობლოსათვის“ პროგრამის თანახმად, გათვალისწინებულია 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, ასევე საარსებო მინიმუმის ზრდა.
„რეგიონულ-კლასტერული ეკონომიკა ქმნის რეგიონის უნიკალურ კომპეტენციას, უნიკალურ სპეციალიზაციას. უნდა შეიქმნას კლასტერული რუკა და ყველა რეგიონი იყოს სპეციალიზებული იმ რესურსებზე, რა რესურსებსაც ფლობს. ეს კერძო სექტორის, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორის, ასევე კვლევითი ცენტრების უნიკალური თანამშრომლობაა. სწორედ აქ ჩნდება ინოვაციები“, - განაცხადა გულედანმა.
„საქართველოს განვითარების პარტიის“ ეკონომიკური პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნას, კაპიტალის სწრაფ გადანაწილებას მოქალაქეებზე. ასევე საგადასახადო სისტემის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე.
„საქართველოს განვითარების ბანკი, რომელსაც ექნება სხვადასხვა ფონდი, შექმნის ძალიან ძლიერ სოფლის მეურნეობის ეკონომიკას, ძალიან ძლიერ ინოვაციების ეკონომიკას. გაძლიერდება ასევე ქართული წარმოება, მომსახურების სექტორი, შეიქმნება ქართული ავიახაზები, გაძლიერდება საქართველოს რკინიგზა, ლოგისტიკური კვანძები, პორტები და ა.შ.“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
პარტია „მომავალი საქართველოს“ ეკონომიკურ პროგრამაში მთავარი აქცენტი კეთდება სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ბრძოლაზე. პარტიის პროგრამა ითვალისწინებს პენსიებისა და სოციალური დახმარების გაორმაგებას, გადასახადების შემცირებას და ქვეყანაში არანაკლებ 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი. სახელმწიფომ უნდა გასცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები და ამით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მათ შორის ბანკები უნდა წაახალისოს ამ მიმართულებით, რომ გაიცეს დაბალპროცენტიანი კრედიტები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობა გადაარჩენს საქართველოს. ჩვენს სახელმწიფოს ამ მხრივ აქვს უზარმაზარი რესურსი და ეს რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ლაღიძემ.
განათლება
პარტიაში „ეკა ბესელია - სამართლიანობისათვის“ მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სისტემაში პრიორიტეტული უნდა იყოს.
„ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ უმაღლესი განათლება გარკვეული მიმართულებებით, მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების კუთხით. მთელი მსოფლიო ეტაპობრივად გადადის თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მიმართულება უნდა გახდეს პრიორიტეტული ჩვენს სისტემაში. რასაკვირველია, პედაგოგების და მასწავლებლების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს და მათ ნორმალური მუშაობის პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა წერეთელმა.
პარტია „რეფორმატორებში“ მიაჩნიათ, რომ განათლების სისტემაში აუცილებელია რეფორმების გატარება, რომლებიც უნდა შემუშავდეს დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.
„განათლების სისტემა ახლა კრიზისშია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. და ის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა რეფორმები - სავსებით ნათელია. ბუნებრივია, ჩვენ, „რეფორმატორებს“ გვაქვს გარკვეული ხედვა, მაგრამ ეს უფრო გლობალური პროცესია და, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან გარკვეული რეცეპტის გამოწერა იქნება არასერიოზული“, - აღნიშნა მიროტაძემ.
პარტია „ქართული იდეა“ დღევანდელ განათლების სისტემას კატასტროფულს უწოდებს და მის ძირფესვიანად შეცვლას აპირებს.
„ვაპირებთ ამ კატასტროფული სისტემის დემონტაჟს. სიტუაცია კატასტროფულია, საშინელი სიტუაციაა ამ კუთხით. ახლა სკოლებში უნდათ შემოიღონ სექსუალური აღზრდა, რომელიც მოიცავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. უკვე მეშვიდე კლასში ჩნდება ინფორმაცია პრეზერვატივზე. ჩვენ ფაქტობრივად ვართ ოკუპირებული ამ ბინძური ძალის მიერ“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
პარტია „ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ აუცილებელია პედაგოგების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
„მასწავლებლებმა შეიძლება იცოდნენ კონკრეტული დარგი, რომელსაც პედაგოგიური თვალსაზრისით გადასცემენ თავიანთ მოსწავლეებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლების ხელოვნება და მეთოდოლოგია. მე შეიძლება ვიცოდე დარგი, მაგრამ მისი სწავლების პროფესიონალიზმი არ გამაჩნდეს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ახალი გარემოებაა შემოსატანი განათლების სისტემაში. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ და ამავდროულად შეიქმნას პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ახალ დარგებს და ახალ მიმართულებებს განავითარებენ“, - აღნიშნა ცხადაძემ.
პარტიაში „არჩევანი სამშობლოსათვის“ მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ბავშვებს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მისცეს.
„ბავშვებმა უნდა ისწავლონ პრობლემების გადაწყვეტა. უნდა შეისწავლონ გუნდურობა, ვინაიდან ეს მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვები უნდა იყვნენ კარგი ლიდერები, ჰქონდეთ კომუნიკაციის უნარები. ასევე უნდა შეიქმნას ეროვნული პროგრამა, სადაც ჩამოყალიბდება ფასეულობათა სისტემა“, - განაცხადა გულედანმა.
„საქართველოს განვითარების პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემის განვითარება საჭიროა სამი მიმართულებით.
„პირველი არის პროფესიული განათლება. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს პროფესიული განათლება, ჩვენ ვერ ვქმნით ექსპორტის ეკონომიკას, ჩვენ არ გვყავს ინჟინრები, არ გვყავს წარმოების სპეციალისტები. ჩვენ ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს და ჩვენი ფული გაედინება. მეორე მიმართულება - არის სპორტი ადრეული ასაკიდან. სახელმწიფომ სრულად უნდა დააფინანსოს თუნდაც სპორტის ერთი სახეობა, რათა ახალგაზრდობას განვითარების შესაძლებლობა მისცეს. და მესამე მიმართულება - პედაგოგების გადამზადებაა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
პარტია „მომავალ საქართველოში“ აქცენტს ასევე აკეთებენ პედაგოგების გადამზადების აუცილებლობაზე და ახალი პროფესიული სასწავლებლების გახსნაზე. გარდა ამისა, როგორც ლაღიძემ აღნიშნა, ყურადღება უნდა დაეთმოს ქართული ენის შესწავლას იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.
„პედაგოგები უნდა გადამზადდნენ. უნდა დაენიშნოთ უფრო მაღალი ხელფასები, რათა მათ ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, ჩავიდნენ ამ რეგიონებში და შეასწავლონ ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა“, - აღნიშნა ლაღიძემ.
„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტიის“ პროგრამაში განათლება და მეცნიერება გაერთიანებულია და ეს ორი მიმართულება ურთიერთდამოკიდებულია.
„მეცნიერება აბსოლუტურად მოიშალა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად დაეტყო სასწავლებლებსაც ყველა დონეზე. ჩვენი პარტიის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვახმართ ძალისხმევას იმას, რომ სკოლებშიც და განათლების შემდგომ დონეებზეც გაძლიერდეს გარემოს დაცვითი განათლების საკითხები“, - განაცხადა შარაბიძემ.
საგარეო პოლიტიკა
პარტია „ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.
„ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირისკენ მისწრაფება ნიშნავს იმას, რომ ისწრაფოდე, ქვეყანაში გაატარო დემოკრატიული რეფორმები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დემოკრატიული სისტემები, ამ სისტემის მთავარი საფუძველი კი თავისუფალი და დემოკრატიული სასამართლო სისტემაა“, - განაცხადა წერეთელმა.
პარტია „რეფორმატორებში“ პრიორიტეტულად აშშ-თან საქართველოს მოკავშირეობას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მიიჩნევენ.
„რასაკვირველია, ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. თუმცა ნატოსთან ინტეგრაცია სასიცოცხლოა და აშშ-თან პირდაპირი თანამშრომლობა გადამწყვეტია იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება. ასევე აუცილებელია მეზობლებთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა“, - აღნიშნა მიროტაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატოში ინტეგრაციაზე უარი პარტია „ქართული იდეის“ საგარეო პოლიტიკური კურსის მთავარი პრიორიტეტია.
„მე ნატოს წინააღმდეგი ვარ, რადგან ნატო არა მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ იდეოლოგიური ორგანიზაციაცაა. ნატო აღიზიანებს რუსეთს. რუსეთის მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ ჩვენ უარს ვიტყვით ნატოზე, შევძლებთ ვილაპარაკოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ნატო ჩვენ არაფერში არ გვჭირდება“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
პროდასავლურ კურსსა და ევროკავშირთან ინტეგრაციას ირჩევს „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვიყოთ გათანაბრებული ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც შესანიშნავად აქვთ დაცული როგორც ტერიტორიული მთლიანობა, ისე შინაარსობრივი განვითარება. ქვეყნების დონე გაცილებით მაღალია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დასავლური ორიენტაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ცხადაძემ.
ევროპული ფასეულობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა აწარმოოს დიალოგი რუსეთთან, ფიქრობენ პარტიაში „არჩევანი სამშობლოსათვის“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამავლები არ გვჭირდება, რათა აფხაზებთან და ოსებთან ვილაპარაკოთ. უნდა იყოს მეტი სახალხო დიპლომატია. საგარეო პოლიტიკას რაც ეხება, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რა თქმა უნდა, კეთილმეზობლური ურთიერთობები რეგიონში, მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება. აქ შეიძლება ინტერესების დაბალანსება ძალიან კარგად. მაგრამ საჭიროა მუშაობა, ძალიან ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ გამოიკვეთოს, ვის რა ინტერესი აქვს“, - აღნიშნა გულედანმა.
„გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტიაში“ აცხადებენ, რომ წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ორიენტაციის ძალას.
„ჩვენ, რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გადაწყვეტილებასა და სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“, - აღნიშნა შარაბიძემ.
„საქართველოს განვითარების პარტიის“ საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია ძლიერი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელსაც ვერავინ უკარნახებს გარედან, რა გააკეთოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დოქტრინა. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ე.წ. ახალი ისრაელის იდეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო უნდა გახდეს რეალურად ძლიერი, თვითმყოფადი ქვეყანა. საქართველოს უნდა ჰქონდეს აბსოლუტური უსაფრთხოება - რაც გულისხმობს ძლიერ ჯარს, ძლიერ სარეზერვო ბატალიონებს. და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - არის საგარეო პოლიტიკის ჩართვა ეკონომიკის განვითარებაში. ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტია „მომავალი საქართველოს“ აზრით. თუმცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებამდე, მათი შეხედულებით, საჭიროა ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების განთავსება.
„ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმება. ის, რაც დღეს ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ემუქრებიან, ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრებიან. მე არ მომერიდება ამის თქმა - საქართველოში უნდა განთავსდეს აშშ-ის საჯარისო შენაერთები. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების შესაძლებლობა, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი მოკავშირე“, - განაცხადა ლაღიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.