თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო არ აპირებენ მკაცრი შეზღუდვების შემოღებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს მოხდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 19 857 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 158-ს მიაღწია.
რას ეფუძნება სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი: ნათია თურნავას განმარტება >>
მეზვრიშვილმა განმარტა, რომ გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება განპირობებული იყო იმით, რომ ვირუსის გავრცელების დასაწყისში საქართველომ, როგორც დანარჩენმა მსოფლიომ, არ იცოდა, რასთან აქვს საქმე და მკაცრი შეზღუდვები ადამიანური დანაკარგის თავიდან აცილებისა და საკითხის შესწავლისთვის საუკეთესო გზა იყო.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, დღეს ამოსავალი წერტილია ეკონომიკის გადარჩენა.
„დღეს მკაცრ შეზღუდვებს უბრალოდ ვეღარ დავაწესებთ. არის ორი არჩევანი - ერთი - მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე - შედარებით უმტკივნეულო, მარტივი, ელემენტარული წესების დაცვა, გარკვეული პასუხისმგებლობის გაზიარება სახელმწიფოს, მოქალაქესა და ორგანიზაციას შორის, ასევე წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე შევძლოთ და ეს სიტუაცია სამოქალაქო კონსოლიდაციის პირობებში ვმართოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა Facebook-ტრანსლაციის დროს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არღვევენ წესებს და რეკომენდაციებზე შესაბამისად არ რეაგირებენ, მთლიანობაში სიტუაცია ამ კუთხით უკეთესობისკენ შეიცვალა.