თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურ განვითარებას ეტაპობრივად უბრუნდება – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8,6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო პროდუქციას.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტმა სექტემბერში 332 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე დროს საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 98,5 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა.
საგარეო ბრუნვა ვარდნას განაგრძობს
ქვეყნის საგარეო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საქართველოდან 2020 წლის იანვარი–სექტემბერში 2,4 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის საქონელი გაიტანეს – 12,1%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იმპორტმა 2020 წლის დასაწყისიდან 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 15,9%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით.
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.
არადამაიმედებელი პროგნოზები
კორონავირუსის პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს –4% იქნება. ხოლო ეროვნული ბანკი ქვეყნის მშპ-ის ვარდნას 5%-ის დონეზე ვარაუდობს.
EBRD-ს პროგნოზით, საქართველოში მშპ 5%-ით დაეცემა, ხოლო 2021 წელს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი 2020 წელს 4%-დან 5%-მდე გააუარესა. ამასთან, სსფ მომავალი წლისთვის პოზიტიურ პროგნოზს იძლევა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე ელოდება.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელს მიაღწევს.