რომელ ქართულ პროდუქციაზეა მოთხოვნილება საზღვარგარეთ

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკის ზრდის ტემპები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, კატასტროფულად ვარდნას განაგრძობს.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი კვლავ განაგრძობს გაღრმავებას, ზრდის ტემპი კი მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში კატასტროფულად ეცემა.

საქართველოში კორონავირუსისგან ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო დაზარალდა, გამონაკლისს არც ვაჭრობა წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16,7%-ით შემცირდა და დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება>>

რას აწარმოებს საქართველო პანდემიის პირობებში, რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და როგორ შეიძლება ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა – ამ ყველაფერზე „Sputnik-საქართველო“ გიამბობთ.

რას აწარმოებს საქართველო

საქართველოში საქონლის ფართო ასორტიმენტი იწარმოება – ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, მინერალური და მტკნარი წყლები, ოქრო, აზოტოვანი სასუქები, სპირტიანი სასმელები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი, ტრიკოტაჟის ნაწარმი.

ატამი - Sputnik საქართველო
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ორჯერ გაიზარდა

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარებისა, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ექსპორტიორებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს უცხოეთის ბაზრებზე ქართული თხილის ორგანიზებული გატანა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 5 458 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 62,2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილი, ძირითადად, ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში – გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ესტონეთში, ლატვიაში; ასევე შედარებით ნაკლები რაოდენობით – სომხეთში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ბრაზილიასა და მექსიკაში.

თხილის ექსპორტიორები ცდილობენ მსოფლიო ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას. 2020 წლის 8 თვის მონაცემებით, თხილის ექსპორტი 52,1%-ით გაიზარდა გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით და 28,7 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველო აწარმოებს და ყიდის ასევე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, ბოსტნეულსა და ხილს, პომიდორს, კარტოფილს, ხახვს, ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს, მწვანილს, მანდარინს, ვაშლს, მსხალსა და ატამს.

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე>>

საქართველოდან წელს გაიტანეს 1 753 ტონა ვაშლი, თითქმის 5-ჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით. საქართველოს შემოსავალმა ვაშლის ექსპორტიდან უკვე გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს 573 ათასი დოლარით და 773 ათასი დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული ვაშლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი (1672,8 ტონა), ყაზახეთი (75,1 ტონა), სომხეთი (4,8 ტონა) და სხვა ქვეყნები (0,2 ტონა).

ჩაის პლანტაცია - Sputnik საქართველო
ქართული ჩაი აღორძინდება – მთავრობა დარგის დაფინანსებას ზრდის

ვაშლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ხორციელდება ახალი ბაღების გაშენების პროგრამა „დარგე მომავალი“. ვაშლის ბაღები ამ პროგრამის ფარგლებში 1128 ჰექტარზე გაშენდა.

ხილის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი დოკუმენტაცია მზადდება და გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საქართველო დაუბრკოლებლად ეწევა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორებმა მოახერხეს საზღვარგარეთ ხილის სწრაფად გატანა შეზღუდვების პირობებშიც კი.

საქართველოდან 1 მაისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით 25,3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის სეზონზე საქართველოდან სულ 13,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას კრიზისის დროს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა კრიზისმა სერიოზულად დააზარალა ქართული ეკონომიკა. „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 14,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

სატვირთო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს

ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე ექსპორტის საერთო მოცულობის 51% შეადგინა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 2,7%-ით შემცირდა და 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება 2021 წლის მაის-ივნისამდე.

„ერთადერთი, რამაც ექსპორტზე დადებითად იმოქმედა, არის ხილის გატანა საზღვარგარეთ, მაგრამ თუ იმაზე ვსაუბრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს მონაცემები ლარის კურსზე, მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი მაინც ნეგატიურად მოქმედებს, ვინაიდან სალდო უარყოფითია და ეს წლებია გრძელდება. ექსპორტის დათვლის თვალსაზრისითაც ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ დადებით დინამიკას, რომ ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატოს 2021 წლის ზაფხულამდე“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

კრიზისის დროს ქართულ პროდუქციას უმეტესად ყიდულობდნენ რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა და შვეიცარია.

საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს: პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლომდე>>

იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება, მოხვდნენ ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, აშშ და ლიეტუვა. ყველა ეს ქვეყანა, გარდა შვეიცარიისა და ლიეტუვასი, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

როგორ შეიძლება ექსპორტის ხელშეწყობა?

საქართველოს მთავრობამ ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით უნდა შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, ფიქრობს „საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია.

„ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი გუნდი დგამს, არის უბრალოდ გარკვეული რეაქცია შედეგებზე, რომლებიც პანდემიამ მოიტანა, რათა ისინი ნაკლებად მტკივნეული იყოს. რაც შეეხება ექსპორტის ზრდას, ამისათვის საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა“, – აღნიშნა შენგელიამ.

აწარმოე საქართველოში – ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
„აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის დახმარების ახალ პროექტს იწყებს

ეკონომისტის აზრით, ეკონომიკის განვითარება, რომელიც ყველა ხელისუფლებამ ბოლო 35 წლის განმავლობაში, ძირითადად, ტურიზმის სფეროს შეატოვეს, უნდა მოხდეს სამი მიმართულებით სწრაფად და რევოლუციური გზით.

„პირველი მიმართულება – ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება, და მესამე და მთავარი – სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საქართველოში მოიპოვება, უნდა გადამუშავდეს და გავიდეს ექსპორტზე საბოლოო სახით“, – ამბობს შენგელია და დასძენს, რომ ყველა ჩამოთვლილი მიმართულების გასავითარებლად საჭიროა იაფი კრედიტების გაცემა.

ამასთან, შენგელიას თქმით, საქართველოში არსებობს პრობლემა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით შექმნა.

„დღეს საპროცენტო განაკვეთი 8%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კომერციული ბანკებიდან კრედიტები არ გაიცემა 11-12%-ზე ნაკლებად. ასეთი პროცენტების პირობებში კი ვერც ერთი მიმართულება ვერ განვითარდება“, – განაცხადა შენგელიამ.

ინფლაციის დონე საქართველოში შემცირებას განაგრძობს: სტატისტიკის ახალი მონაცემები>>

ეკონომისტი ფიქრობს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭიროა ეკონომიკის განვითარების კარგი სტრატეგიული გეგმა, რომელიც პუნქტობრივად შესრულდება.

„საქართველოში ჯერ არ ყოფილა ასეთი ეკონომიკური გეგმა თავისი სტრატეგიით. ახლაც ვერ ვხედავთ, ამიტომ მანამ, სანამ არ მოგვარდება ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, არ დასრულდება ნეპოტიზმი ქვეყანაში, არა მგონია, ჩვენს ქვეყანას დადებითი მომავალი ჰქონდეს ეკონომიკის თვალსაზრისით“, – აღნიშნა შენგელიამ.

როგორ ებრძვის ხელისუფლება კრიზისს

საქართველოს მთავრობამ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო პრიორიტეტებს გადახედა, განაცხადა, რომ იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს და შეიმუშავა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, რომელიც ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენაა მიმართული.

ლოკოკინა - Sputnik საქართველო
საქართველო იტალიაში ექსპორტზე 45 ტონა ლოკოკინას გაიტანს

ამ პროგრამის წყალობით 200 ათასამდე ფერმერმა დამატებითი შეღავათები მიიღო.

ქვეყანაში ხორციელდება ასევე რამდენიმე სახელმწიფო პროექტი: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, საწარმოების თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, „დანერგე მომავალი“, საგაზაფხულო სამუშაოებში ფერმერების დახმარების პროექტი, „ქართული ჩაი“. ზოგიერთი მათგანი კრიზისის გამო შეიცვალა.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც შეუძლია გარკვეული მიმართულებით არა მხოლოდ ქვეყნის დაპურება, არამედ საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია. ამისათვის კი საჭიროა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად უარესდება, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მკაცრი შეზღუდვები აღარ დააწესოს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. 

საქართველოში იწყება საინფორმაციო კამპანია „ჩემი სოფელი“>>

ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ ქვეყანაში, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება გახდა, რამაც, თავის მხრივ, ქვეყნის საგარეო ვალი გაზარდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყანამ 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი დახმარება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0