10:47 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)
101 0 0

კამპანია სოფლის მცხოვრებლებს დაეხმარება, უფრო სრულად გამოიყენონ ადგილობრივი პოტენციალი, რათა გაზარდონ არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა, არამედ ასევე გააძლიერონ თავიანთი სოფელი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი საქართველოში იწყებს საინფორმაციო კამპანიას „ჩემი სოფელი“, იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

შემდგომი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას გააცნობენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პროგრამის მონაწილეთა ისტორიებს, რომლებმაც თავიანთ სოფლებში წარმატებას მიაღწიეს.

„გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სოფლების განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, მით უფრო, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ევროკავშირი საქართველოს ამ პოტენციალის განვითარებაში 2013 წლიდან ეხმარება სამეზობლო პოლიტიკის სოფლის მეურნეობისა და აგრარული რაიონების განვითარების პროგრამის ENPARD მეშვეობით.

პროექტის მიზანია სიღარიბის დაძლევა, სოფლის მოსახლეობის დახმარება, რომ უკეთ გამოიყენონ სოფლის ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და წარმატებებს მიაღწიონ რეგიონებში და უკეთესი პირობებისთვის ქალაქში არ წავიდნენ საცხოვრებლად.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას წარმატებული ევროპული პრაქტიკის პოლიტიკის შემუშავებასა და მის დანერგვაში ეხმარება, ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან.

საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოყალიბებულია ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). მათ შეძლეს თემის მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტის დაწყება, რომლებიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ევროპის კავშირმა საქართველოში ასეთი 500-ზე მეტი ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ეხმარება ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, უზრუნველყოფს დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს 1 ათასზე მეტი ოჯახისთვის და აუმჯობესებს 10 ათასზე მეტი სოფლად მცხოვრები ადამიანის ცხოვრების პირობებს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)

მთავარი თემები