თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. 2020 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 6,7%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით.
ივლისთან შედარებით, აგვისტოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 0,5%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
აგვისტოში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 3,5%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 4,5%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 35,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 10,2%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 2,3%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 2,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 2,3%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
აგვისტოში ინფლაციის წლიურმა დონემ 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 9,2%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.
სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.