08:35 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (795)
40 0 0

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ უკვე 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენა-გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონული ლიდერი იქნება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2021-2025 წლების განმავლობაში საშუალოდ საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

„მათ შორის, 2021 წელს პროგნოზი არის +5,2 პროცენტი, და იმის ნიშნები, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან მიდის აღდგენისკენ და დაწყებულია გაჯანსაღების პროცესი, აისახება ყოველთვიურ სტატისტიკაში. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის შესუსტება თვიდან თვემდე, ეს არის ჯერ ქართული წარმოების ექსპორტის ზრდა და ახლა უკვე მთლიანად, რეექსპორტის ჩათვლით, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, რომელიც დაფიქსირდა სექტემბრის თვეში. ასევე ეს არის ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა და ეს არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში მოკრძალებული, მაგრამ დადებითი დინამიკა, რომელიც მომავალში უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, აქედან გამომდინარე, სსფ-ის პროგნოზი, რომელიც გამოარჩევს საქართველოს, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპით გამორჩეულ ქვეყანას უახლოეს წლებში, ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის იმ ადეკვატურ შეფასებას, რომელიც პირველ რიგში მიმართულია პანდემიის გავრცელების მართვისკენ.

„ანტიპანდემიური ღონისძიებები ძალიან ეფექტურად ჩატარდა და ამან ეკონომიკას მისცა თანდათან გაჯანსაღების შესაძლებლობა. ეს გვაძლებს დღეს საშუალებას, გადავიდეთ ადაპტაციის ეტაპზე, როდესაც დიდი, სისტემური შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ ნელ-ნელა გახსნის პროცესს და ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სსფ-ის განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა, მართალია, 2020 წელს 5%-ით შემცირდება, მაგრამ უკვე 2021 წელს ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5% იქნება. მსოფლიო ეკონომიკაში კი 2020 წელს 4,4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5,2% იქნება.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (795)

მთავარი თემები