რობინზონ ნაჭყებია
პარტია 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. მას სათავეში ჩაუდგნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – „მედიაკავშირი ობიექტივის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გამოაქვეყნა 2012 წელს პატიმართა წამების კადრების ერთი ნაწილი, რაც საფუძვლად დაედო „ციხის სკანდალს“ და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.
2013 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიწყო საკუთარი პარტიის მესამე ძალად წარმოჩენა, თუმცა ფართო საზოგადოების სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა. პარტიის არაპოპულარობის მიზეზი მისი საგარეო პოლიტიკური კურსის ხედვაა. პარტია მოითხოვს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს უარს რეფერენდუმის შედეგებზე, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. „პატრიოტების“ პოლიტიკური არაპოპულარობის მეორე მიზეზი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნაა.
ასეთი განცხადებების გამო პარტიას საზოგადოება პრორუსულ ძალად მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად სტერეოტიპული შეხედულებებისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა თავის მხარეს საზოგადოების კონსერვატორული ნაწილის გადაბირება იმ ემიგრანტების წინააღმდეგ განცხადებებით, რომლებიც საქართველოში მიწებს ყიდულობენ, ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებითა და მართლმადიდებლური და ეროვნული ფასეულობების პროპაგანდით.
ამის წყალობით პარტიამ მოახერხა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეოთხე ადგილზე გასვლა, 2016 წელს კი – პარლამენტში მოხვედრაც.
„პატრიოტთა“ წარმატებას ხელი შეუწყო მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამაც“, რომელმაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი დააწესა და კონსტიტუციაში ჩაწერა ფრაზა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.
მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ყოფნისას ვერ მოახერხა ლეგიტიმური სახე მიეცა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მცდელობისა და რუსეთში პარტიის წარმომადგენელთა ვიზიტებისთვის. მმართველ პარტიაში ამ ქმედებებს „კერძო ინიციატივას“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგს ისინი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ასევე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დიალოგის ფარგლებში აწარმოებდნენ.
ამასობაში „პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლისთვის საქართველოს ოფიციალური პირებისთვის შეუძლებელი შეძლო – ჩავიდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადგილობრივ ეკლესიას ხატი გადასცა.
სულ მალე ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე გამოჩნდა ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე, რამაც „პატრიოტებს“ პოპულარობა ნამდვილად არ შემატა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პირდაპირ ეთერში იფიცებდნენ, რომ არავითარ ფულს ისინი რუსეთისგან არ იღებენ.
თუმცა, მიუხედავად კომპრომატების გაჟონვისა და საზოგადოების პროდასავლური ნაწილისთვის „პატრიოტთა“ იდეების მიუღებლობისა, პარტიას კიდევ ერთი კოზირი აქვს – „სააკაშვილის სიძულვილი“. ეს სიძულვილი მმართველმა პარტიამ კარგად გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორე ტურში საკუთარი კანდიდატი გაიყვანა პრეზიდენტად. ამასთან, მოგვიანებით „პატრიოტთა ალიანსის“ დეკლარაცია სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ იმავე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ჩააგდეს.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს და, სხვადასხვა რეიტინგის თანახმად, მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. ალიანსს ორგანიზაციების გამოკითხვების არ სჯერა და საკუთარი წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გამოკითხვის მიხედვით ისინი არჩევნებს იგებენ, მმართველ პარტიას მხოლოდ 13% აქვს, ყოფილ მმართველ პარტიას კი 3%-ზე ნაკლები.
„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამა დიდწილად სოციალურია, თუმცა, მთავარი აქცენტები კეთდება საყოველთაოდ ცნობილ საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებზე – ნატოზე უარის თქმაზე და რუსეთთან მეგობრობაზე.
„პატრიოტთა ალიანსის“ შედეგები წინა არჩევნებზე:
წელი | არჩევნების სახეობა | ხმების რაოდენობა | ამომრჩევლების წილი |
2014 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების | 66 805 | 4,72% |
2016 | საპარლამენტო | 88 097 | 5,1% |
2017 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების | 98 530 | 6,56% |