თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოქალაქეებმა პირბადე ატარონ, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, შესაძლოა, ერთ წელზე მეტხანს მოგვიწიოს>>
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება – მკაცრი რეკომენდაცია, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, გააკონტროლებენ შრომის ინსპექცია და შსს. გთხოვთ, მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადეები ვატაროთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, პირბადის ტარება საჭირო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს.
დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>
„ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. გთხოვთ ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რათა არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზე სანქციების დაწესება. იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს დაიცავენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, რეკომენდაციების 90%-ის შესრულებით შესაძლებელი გახდება ვირუსის გავრცელების 70%-ით შენელება.
ნათია მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეპიდემიის პართვის პროცესში არსებული ხარვეზები სწორდება და მოხსნილია ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემაც.
ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.
გახარია: თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება შემცირდება>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.