თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის 2,3 ათასი დარღვევა დაფიქსირდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
შსს ბაზრებსა და ბაზრობებზე Covid-19-ის პრევენციისთვის მონიტორინგს ახორციელებს>>
ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ პირბადე და დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.
„მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ – ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მიკროავტობუსებში ასვლას პირბადის გარეშე ცდილობდა 224 ადამიანი. ამას შესაბამისი სამსახურების რეაგირება მოჰყვა. უფრო მეტი – 2 088 მოქალაქე პირბადის გარეშე ასვლას ცდილობდა ავტობუსში. დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი გააფრთხილეს, ხოლო 116 შემთხვევაში ავტობუსი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან მასში უნიღბო ადამიანები იმყოფებოდნენ.
„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა კალაძემ.
რეჟიმის დაცვის კონტროლი მიმდინარეობს თბილისის მეტროშიც, ასევე აგრარულ ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.