თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.
მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.
ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.
მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.