თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი დადებითად არ შეაფასა – სლოვაკი სპეციალისტი შედეგით უკმაყოფილოა და თვლის, რომ ნაკრებს მეტი გოლის გატანა შეეძლო.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში გუშინ ქალაქ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, გოლის გატანის 3-4 სერიოზული შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ. ეს ჩვენი ბრალია“, – განაცხადა ვაისმა.
სლოვაკმა მწვრთნელმა 12 ნოემბერს გასამართ ფინალურ შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. „დინამო არენაზე“ ფინალში გამარჯვებული კი 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
„სახლში ვთამაშობთ, რაც კარგია. ვნახოთ რა ვითარება იქნება და დაესწრება თუ არა გულშემატკივარი“, – აღნიშნა ვაისმა. მისი აზრით, ფინალში შანსები თანაბარია.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც ნაკრებში გატანილ სადებიუტო გოლზე ისაუბრა. „მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა“, – განაცხადა ყაზანის „რუბინის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა C დივიზიონის მეორე ჯგუფში მორიგი შეხვედრა ოთხშაბათს სკოპიეში გამართა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დაუზავდა – 1:1. ქართველთა მხრიდან გოლი 75-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
დღეს: საქართველო VS ჩრდილოეთ მაკედონია – გუნდები ჯგუფში პირველობისთვის იბრძვიან>>
თამაშის მიწურულს კი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში უხეშობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. რეალიზებული პენალტის შემდეგ კომპენსირებულ დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ჯგუფის ლიდერად გატანილი და გაშვებული გოლების ხარჯზე კვლავ ჩრდილოეთ მაკედონია რჩება. შემდეგი შეხვედრები კი 15 და 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შინ სომხეთთან და ესტონეთთან მოუწევს თამაში.