თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რატომ არის იმპოტენციის, ან, როგორც ახლაა მიღებული, ერექტილური დისფუნქციის მკურნალობა რთული – სწორედ მკურნალობა და არა განკურნება, ამაზე რადიო Sputnik-ს სექსოლოგები ესაუბრნენ.
მათი თქმით, მკურნალობა (და არა განკურნება!) რთული იმიტომაა, რომ სიტუაციას „კაცს სურს, მაგრამ არ შეუძლია“, სინამდვილეში ორი განსხვავებული მიზეზი აქვს.
ერთი მათგანი ფიზიკური ჯანმრთელობის სფეროდანაა და მას „ორგანულ მიზეზს“ უწოდებენ. ეს უროლოგიური პრობლემებია. კერძოდ, პროსტატიტი – ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც ბევრ მამაკაცს სხვადასხვა ხარისხით აწუხებს.
„20 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში გვხვდება პროსტატიტის ესა თუ ის ფორმა. ახალგაზრდებში ამის მიზეზი არარეგულარული სექსუალური აქტივობაა, რაც სეკრეციისა და მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის სტაგნაციას იწვევს. უფრო ასაკოვან ადამიანებში კი მიზეზი უწესრიგო სქესობრივი ცხოვრებაა, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს. მაგალითად, თითოეულ პარტნიორს აქვს საკუთარი მიკროფლორა და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პროსტატიტის რომელიმე ფორმა“, — ამბობს უროლოგი ბენიამინ ხანალიევი.
სექსუალური უძლურების მეორე მიზეზი „ფსიქოგენურია“. მუდმივი სტრესი, დეპრესია, ნერვული დაძაბულობა და ქრონიკული დაღლილობა იწვევს შფოთვას, საკუთარ ძალებში ეჭვს. ასეთ დროს მამაკაცს ფიასკოს მოლოდინში კონტაქტის დამყარებისა უფრო ეშინია, ვიდრე არ შეუძლია. თუ ეს დამოკიდებულება დიდხანს შენარჩუნდება, ამას ასევე მოჰყვება ერექტილური დისფუნქცია.
„ფსიქოლოგიურ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მამაკაცში შფოთვის დონე, ღელვა სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ახალ ურთიერთობაში შედის, დაგროვილი პრობლემები, სტრესის მაღალი დონე — ამ ყველაფერმა შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ მამაკაცის პარტნიორი პრეტენზიული გამოდგება და გააკრიტიკებს კიდეც მას, კაცი კიდევ მეტად დაეჭვდება საკუთარ შესაძლებლობებში. გამომდინარე აქედან, მარცხის ალბათობა შემდეგ ჯერზე მაღალი იქნება“, — განმარტავს სექსოლოგი ალექსეი ვილკოვი.
ყველაზე რთულ ვარიანტად სპეციალისტები მიიჩნევენ „შერეულ“, ანუ ერთდროულად ფსიქოგენურ და ორგანულ მიზეზებს. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ერექტილური დისფუნქცია მკურნალობას ექვემდებარება ძალიან გართულებულ შემთხვევებშიც კი.
საპენსიო ასაკი მაშინ მოდის როცა სექსუალური ფანტაზია და ენერგია უკან იხევს>>
სექსოლოგები მამაკაცებს ურჩევენ, პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეგულარულად ივარჯიშონ, უარი თქვან მავნე ჩვევებზე და იზრუნონ სხეულის ოპტიმალური წონის შენარჩუნებაზე. მათი თქმით, ზედმეტმა ან არასაკმარისმა წონამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობა სექსში.