თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია მშვიდობით რეგიონში და არ დაუშვებს პროვოკაციებსა და თავისი ტერიტორიის გავლით კონფლიქტის მხარეების საბრძოლო მასალით მომარაგებას, აღნიშნულია უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.
ტრამპი, პუტინი და მაკრონი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ>>
საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ მასმედიისთვის დახურულ სხდომაზე იმსჯელა მთიან ყარაბაღში კონფლიქტსა და მის შედეგებზე რეგიონში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.
„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უსაფრთხოების საბჭომ კიდევ ერთხელ შესთავაზა მხარეებს, გამოიყენონ თბილისი შეხვედრისა და დიალოგისთვის.
„ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ კონფლიქტის მხარეებმა საქართველოს ტერიტორია სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენოს.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უსაფრთხოების საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვა ორივე მიმართულებით არ შეწყვეტილა.
საქართველოში „სამშვიდობო მანიფესტს“ ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხებიც შეუერთდნენ>>
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.