გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

გამოწერა
საქართველოს პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა მეზობელ ქვეყნებში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და მოწინააღმდეგე მხარეებს კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებების ადგილად თბილისი შესთავაზა.

ბრძოლები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
ბრძოლები ყარაბაღში: ბაქომ და ერევანმა მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ანგარიშები წარმოადგინეს

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

მან აღნიშნა, რომ საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე მხარესთან – აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც.

„ისტორიულად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთი კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საერთო ინტერესია, რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზადაა, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ – გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღთან დაკავშირებით

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0