თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სომხეთის შეიარაღებულ ძალებში 2,3 ათასამდე მოკლული და დაჭრილია, განადგურებულია 130 ერთეული ჯავშანტექნიკა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
სამხრეთ კავკასია უკვე მეოთხე დღეა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
„27 სექტემბრიდან დღევანდელ დილამდე განადგურებულია და დაჭრილია მოწინააღმდეგის დაახლოებით 2 300 ცოცხალი ძალა, განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილი დაახლოებით 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, ნაღმმტყორცნები, დაახლოებით 25 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ექვსი სამეთაურო–საკონტროლო და სამეთაურო–სადამკვირვებლო პუნქტი, საბრძოლო იარაღის 5 საწყობი, დაახლოებით 50 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, 55 ერთეული საავტომობილო ტექნიკა“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგემ დამატებითი ძალები გადაისროლა მადაგიზის მიმართულებით, რათა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. „ამჟამად საომარი მოქმედებები მთელ ფრონტზე მიმდინარეობს“, – განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში: ქვეყანაში საერთაშორისო ავიარეისები გაუქმდა>>
ერევნის მონაცემები
სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღში ბრძოლები გრძელდება. აზერბაიჯანის სამხედრო ძალებში დიდი დანაკარგებია როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ. ამის შესახებ იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით.
ბრძოლები ღამით შეხების მთელ ხაზზე მიმდინარეობდა.
„განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები წარიმართა ჩრდილოეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებებით. მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა, გაეუმჯობესებინა თავისი პოზიცია, ჩავარდა. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგები აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელეს დასახლებულ პუნქტებზე. სომხურმა ძალებმა სტეფანაკერტში ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის არწრუნ ოვანესიანის განცხადებით, ბრძოლების სამი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ დაკარგა 790 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 1 900 დაჭრილია.
კონფლიქტი მთიან ყარაბაღში: სომხეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა>>
სომხურმა ძალებმა აღნიშნულ პერიოდში გაანადგურეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს აზერბაიჯანული 137 ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, შვიდი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.
კონფლიქტის გამწვავება
სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.
რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.