თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქვეყანაში შემოღებული საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ აეროპორტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გაუქმდა ავიარეისები ბაქო–ნახიჩევანი–ბაქოს მიმართულებით, რომელიც „აზერბაიჯანის ავიახაზებს“ 30 სექტემბერს უნდა შეესრულებინა.
ასევე გაუქმდა კომპანია AZAL-ის ავიარეისები ბაქო–ლონდონი–ბაქოს მიმართულებით, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო და 2 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბაქო–ბერლინი–ბაქო.
AZAL-ის გაუქმებული ავიარეისების მგზავრებს შეუძლიათ ბილეთების გადაცვლა სხვა კონკრეტულ დღეზე – თანხის დაბრუნება ან ჯარიმის გადახდა არ მოხდება.
გარდა ამისა, გაუქმდა 29 სექტემბერს, 1, 2, 3 და 4 ოქტომბერს დაგეგმილი Fly Dubai-ს რეისებიც – დუბაი–ბაქო–დუბაი (29 სექტემბერი, 1 და 3 ოქტომბერი), „აეროფლოტის“ რეისები მოსკოვი–ბაქო–მოსკოვი (1 და 4 ოქტომბერი) და „ბელავიას“ რეისები მინსკი–ბაქო–მინსკი (2 და 4 ოქტომბერი).
რა ხდება?
სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარების გამო საომარი მდგომარეობა შემოიღეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო თავდასხმისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თაობაზე განაცხადა.
კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანის მხრიდან „საჰაერო და სარაკეტო შეტევა განხორციელდა“, ბაქოში კი ამტკიცებენ, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.
სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ასევე გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.