თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მთიან ყარაბაღში და იმედს იტოვებს, რომ მიმდინარე სიტუაცია დარეგულირდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონი არის გამოწვევებით სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა აქ ჩვენი, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერისა და ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება და რეგიონში იქნება მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იდგა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოწინაღმდეგე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს. ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ზოგადად პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცხადია, ამისთვის მზად ვიქნებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.
კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.