რა პრეფერენციები მიიღეს მიგრანტებმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესების დღიდან და კიდევ როგორ გამარტივდება დოკუმენტების გაფორმება ქვეყანაში უცხოელების ლეგალურად ყოფნისთვის – ამ საკითხებზე Sputnik-ს რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალენტინა კაზაკოვა ესაუბრა.
რუსეთის პასპორტი გაუჭიანურებლად
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზრდის ტენდენცია. ამის შესახებ Sputnik-ს ინტერვიუში რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალენტინა კაზაკოვამ განუცხადა.
მისი სიტყვებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქე 500 ათასამდე უცხოელი გახდა, 2020 წლის 8 თვეში კი რუსეთის მოქალაქეობა 400 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი 90% დსთ-ის ქვეყნებიდან არის.
„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება და 600 ათასს მიაღწევს“, – ვარაუდობს კაზაკოვა.
ასეთ მაჩვენებლებს არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, გამარტივდა მოქალაქეობის მიღების პროცედურა. მაგალითად, აღარ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დოკუმენტების წარმოდგენა, რაც ადრე სავალდებულო პირობა იყო. ექვსიდან სამ თვემდე შემცირდა ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განხილვის ვადა.
გარდა ამისა, ივლისიდან ყაზახეთის, ბელარუსის, მოლდავეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც ბინადრობის ნებართვა აქვთ, უფრო იოლად აიღებენ რუსულ პასპორტს. თუ ადრე ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აუცილებელი იყო რუსეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, ამიერიდან მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენა იმთავითვე იქნება შესაძლებელი. ზაფხულის შუა რიცხვებში რუსული პასპორტის მიღების მსურველი 240 ათასი ადამიანი იყო.
„აღნიშნული კატეგორიის პირთა რაოდენობის ზრდას ველოდებით“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.
დამატებით კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებენ ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ისინი არ გაივლიან გასაუბრებას შსს-სთან არსებულ კომისიებში რუსული ენის ცოდნაზე.
გამარტივდა ასევე ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც თანამემამულის სტატუსი აქვთ.
„ისინი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის გვერდის ავლით შეძლებენ ბინადრობის ნებართვის მიღებას და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების ვადები მათთვის შემცირდება“, – დააზუსტა გენერალ-ლეიტენანტმა.
მიგრანტების დამსაქმებელთა რეესტრი
რუსეთის შსს გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დასაქმებულების და იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებიც მზად არიან, უცხოელები მიიღონ სამსახურში, აღნიშნა კაზაკოვამ. ეს იდეა შეტანილია სამინისტროს მიერ შემუშავებულ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ახალ კონცეფციაში.
ამჟამად სამუშაოზე გასაფორმებლად მრავალი სახის დოკუმენტი არსებობს: შრომის პატენტები, უცხო სამუშაო ძალის მოზიდვის ნებართვა, მუშაობის ნებართვა.
„უცხოელისთვის რთულია გაერკვეს ყველა პროცედურაში. დადგა ცვლილებების დრო. ამიტომ შევიმუშავეთ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის კონცეფცია, სადაც ზოგიერთი ინოვაციის დანერგვის წინადადებით გამოვდივართ“, – ხაზი გაუსვა შსს-ს წარმომადგენელმა.
ახალი წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც მიგრანტი რეესტრის დახმარებით ახალ ვაკანსიას იპოვის, მომდევნო ეტაპი იქნება დოკუმენტების გაფორმება სახელმწიფო მომსახურების ერთიანი პორტალის მეშვეობით. მათი ონლაინ-შემოწმების შემდეგ უცხოელი რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნებართვას მიიღებს.
„ნებართვის მიღების შემდეგ უცხოელს რუსეთში ჩასვლისას უკვე ეცოდინება, რომელ დამსაქმებელთან მიემგზავრება. ჩვენი ვარაუდით, ასეთი სქემა ნებართვის დოკუმენტების გაფორმებას გაამარტივებს და მათი მიღების ვადებს შეამცირებს“, – ფიქრობს კაზაკოვა.
უფასო პატენტი და დოკუმენტების ვადის გაგრძელება
2020 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად 15-17 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩადიოდა. მათ შორის დასაქმების მიზნით – 5-6 მილიონი ადამიანი, აღნიშნა ვალენტინა კაზაკოვამ.
საკარანტინო შეზღუდვების გამო წელს დაახლოებით 1,5-მა მილიონმა მიგრანტმა მიმართა რუსეთის შსს-ს ტერიტორიულ სამსახურებს ქვეყანაში ყოფნის ნებართვის გასაფორმებლად. მაგრამ ამავე პერიოდში ზოგიერთი უცხოელი რუსეთში უმუშევარი დარჩა, ზოგი საზღვრების ჩაკეტვის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. რუსეთში მიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი მიიღეს, რომლებმაც ისინი უამრავი ბიუროკრატიული პროცედურისგან გაათავისუფლა.
„ამჟამად შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ უცხოელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდეს და მუშაობდეს წინასწარ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.
15 მარტიდან 15 ივნისამდე მიგრანტებს შეეძლოთ რუსეთში მუშაობა და ცხოვრება ნებართვის დოკუმენტების გაფორმების გარეშე, თუ მათი მოქმედების ვადა ამოწურული იყო. შრომით მიგრანტებს შრომითი პატენტის ვადის უფასოდ (პატენტის შეძენის გარეშე ვადის გაგრძელება ძალაში იყო 15 ივნისამდე) გაგრძელების შესაძლებლობა რუსეთიდან გასვლის გარეშე მისცეს. პირველ რიგში ამ შეღავათმა თანხები დაუზოგა უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც პატენტის გაფორმება 5350 რუბლი უჯდებოდათ.
15 ივნისის შემდეგ მიგრანტებს კიდევ არაერთხელ გაუგრძელეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამ მომენტისთვის ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდა 15 მარტამდე, დაუბრკოლებლად შეუძლია დარჩენა და მუშაობა 15 დეკემბრამდე.
ამჟამად არსებობს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია, რომელთაც რუსეთში ოფიციალურად მუშაობა შეუძლიათ. პირველი კატეგორია – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები არიან. მათ რუსეთის მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით, ყოველგვარი ნებართვის დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ მუშაობა.
მეორე კატეგორიაში არიან პირები, რომლებიც შრომით პატენტებს იღებენ და ავანსს იხდიან. მესამე კატეგორია – ვიზების საფუძველზე ჩასული მოქალაქეები, რომლებიც შრომით ნებართვას აფორმებენ.
„2020 წლის 6 თვეში ჩვენთან 700 ათასი შეტყობინება მოვიდა დამსაქმებლებისგან უცხოელი მოქალაქეების სამსახურში მიღების თაობაზე. მათგან 50 ათასი სომხეთის მოქალაქეა, ეს დაახლოებით 7%-ია“, – აღნიშნა კაზაკოვამ.
მიგრაციის აღრიცხვა უფრო გამჭვირვალე გახდა
კიდევ ერთი სიახლე რუსეთის კანონმდებლობაში ეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში კერძო საკუთრებას ფლობენ. მათ შეუძლიათ მიიღონ და თავიანთ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირონ სხვა უცხოელები. 2020 წლის სექტემბრამდე მათ კერძო საკუთრებაში ახლო ნათესავების (მეუღლე, მშობლები, შვილები) რეგისტრაციის უფლებაც კი არ ჰქონდათ.
„როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ ფართში უცხოელის დარეგისტრირების უფლებით სარგებლობა, ის სხვადასხვა უკანონო სქემას იყენებს და გვაწვდის არასწორ ინფორმაციას. ანუ უცხოელი ცხოვრობს ერთ მისამართზე, ხოლო რეგისტრირებულია სხვა მისამართზე. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სწორედ მის თავიდან ასაცილებლად გამოიცა ახალი კანონი“, – განმარტავს კაზაკოვა.
დანაშაული მკვეთრად არ გაზრდილა
რუსეთში კორონავირუსის გამო სხვადასხვა აკრძალვის ამოქმედება, არაერთი პროგნოზით, მიგრანტებს შორის დანაშაულის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. კაზაკოვას აზრით, ყველა იმ პრეფერენციის წყალობით, რომელიც უცხოელებმა პანდემიის პერიოდში მიიღეს, ასეთი ნეგატიური სცენარისთვის თავის არიდება მოხერხდა.
„ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო. ზომებმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელების ლეგალიზაციისთვის დროულად იქნა მიღებული, ნაყოფი გამოიღო. როდესაც უცხოელი თავს დაცულად გრძნობს, მას დანაშაულის ჩადენა არ სჭირდება, რადგან სამართლებრივ ველში იმყოფება. დანაშაული მაშინ იმატებს, როდესაც უცხოელი თავს დაუცველად გრძნობს, კარგავს სამუშაოს, ვერ შოულობს ახალს, ეწურება ნებართვის დოკუმენტების მოქმედების ვადა“, – ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.
მისი თქმით, გარკვეული შედეგი მოჰყვა შსს-ს ერთობლივ მუშაობას ქვეყნების, კერძოდ, უზბეკეთის და ტაჯიკეთის საელჩოებთან. დიპლომატიური უწყებები თანამემამულეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, დასაქმებაში ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მიგრანტებს რუსეთიდან გასვლაშიც უწყობდნენ ხელს – გასამგზავრებელი რეისების დანიშვნის გზით.