თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.
მან მაშინვე დააანონსა სერიოზული ცვლილებები სააგენტოს საქმიანობაში. ერთ-ერთ მტკივნეულ თემად მან რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი მოქალაქეებისთვის სასწავლო კვოტების გამოყოფის სისტემა დაასახელა.
„კვოტების რაოდენობა გაიზრდება – პრეზიდენტმა პუტინმაც განაცადა, რომ მეტი კვოტა იქნება. 2023 წლისთვის კვოტების რაოდენობა ორჯერ უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჩვენს კოლეგებთან მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო სათათბიროდან ვმსჯელობთ იმაზე, რომ თავად ამ კვოტების სისტემა არც ისე ეფექტურია“, – განუცხადა Sputnik-ს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა.
მან მაგალითად მოიყვანა ბელარუსი, რომლისთვისაც უმაღლეს სასწავლებლებში ბიუჯეტური ადგილების დიდი რაოდენობაა გამოყოფილი, მაგრამ რუსეთი „პოლონეთსაც კი ვერ უწევს კონკურენციას“.
„პოლონელები არა მარტო სწავლის საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ სთავაზობენ მათ გარკვეულ სტიპენდიებს, გრანტებს. რთულია გაუწიო კონკურენცია, თუ ჩვენ მხოლოდ ჩამოსვლას და სწავლას ვთავაზობთ. უნდა დავხვეწოთ სისტემა, რათა ამ კვოტების ნაწილში მაინც გრანტების და სტიპენდიების კომპონენტი გაჩნდეს. რომ მხოლოდ ასე არ ხდებოდეს – მიდით და ისწავლეთ, არამედ – აი, თქვენ ავიაბილეთი, აი საცხოვრებლის ან საერთო საცხოვრებლის საფასური“, – აღნიშნა პრიმაკოვმა.
„როსსოტრუდნიჩესტვო“ დაინტერესებულია იმით, რომ უცხოელი სტუდენტები რუსეთში სწავლის შემდეგ გახდნენ მაღალი კლასის სპეციალისტები, თავიანთი სფეროს ექსპერტები, აღნიშნა მან. და სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, დაიკავონ იქ მათთვის ღირებული პოზიციები და იპოვონ კარგი სამსახურები. მაგრამ ახლანდელი სისტემის პირობებში ამ გეგმების განხორციელება ხშირად ვერ ხერხდება.
„არიან ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთში ჩამოსვლისას რთულ გარემოებებში აღმოჩნდებიან, შემდეგ უწევთ მუშაობა მეეზოვეებად, ტაქსაობა. ეს არასწორია, თუნდაც ამ ახალგაზრდების სწავლაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თვალსაზრისითაც“, – განმარტა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კვოტების გამოყოფის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს. „გეგმები – ეს უკვე რაღაც მეტ-ნაკლებად მკაფიო, აწყობილი რამაა“, პრობლემა ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაზეა. თუმცა რეფორმირება აუცილებელია, დარწმუნებულია ევგენი პრიმაკოვი.
უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 15-დან 30 ათას საბიუჯეტო ადგილამდე გაზრდის საკითხი ვრცლად განიხილებოდა სახელმწიფო სათათბიროში 2020 წლის დასაწყისში. მაშინ სახელმწიფო დუმის დსთ-ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ 15 ათასი ადგილი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლს და ჰუმანიტარულ ძალას. და მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც მხოლოდ ბელარუსის მოქალაქეებისთვის გამოყოფს 10 ათას საბიუჯეტო ადგილს, და რუმინეთი, რომელიც უფასოდ ასწავლის მოლდოვის 5 ათას მოქალაქეს. ამ დროს კი რუსეთის უმაღლესებში სწავლის მსურველ უცხოელთა განაცხადების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 30 ათასამდე გაზრდას გეგმავს.