თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვაზე 10 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ, განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.
საქართველომ სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულო გახსნა>>
საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვა პირველად 2011 წელს ამოქმედდა – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, და ეს ამჟამად ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს.
საკონსულო აღრიცხვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge ანკეტის შევსებით, საელჩოში განცხადებით მისვლით ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დოკუმენტების ფოსტით გაგზავნით.
აღრიცხვაზე დასადგომად საქართველოს მოქალაქე რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში ან საზღვარგარეთ და ჰქონდეს პასპორტი, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არის მოქმედი.
რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ
მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს ცესკოში განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ 40 ქვეყანაში გაიმართება, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანი დადგება საკონსულო აღრიცხვაზე.
როგორც თოთლაძემ აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში შეტანილი შესწორებების თანახმად, საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნის საარჩევნო უბანს სულ ცოტა 50 ამომრჩევლისთვის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან საკონსულო აღრიცხვა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე 11 აგვისტოსთვის 52 702 ადამიანი იყო.
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული
საბერძნეთი – 13 221 მოქალაქე
აზერბაიჯანი – 7 038 მოქალაქე
აშშ – 4 312 მოქალაქე
უკრაინა – 3 543 მოქალაქე
ესპანეთი – 3 124 მოქალაქე.
კიდევ ერთი პრობლემა არჩევნების საზღვარგარეთ ჩატარების დროს შეიძლება კორონავირუსის პანდემია გახდეს, აღნიშნა თოთლაძემ.
საპარლამენტო არჩევნების სრულფასოვნად ჩატარება საზღვარგარეთ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თვალს ადევნებს თითოეულ ქვეყანაში სიტუაციას და მონაცემებს ცესკოს გადასცემს, განაცხადა თოთლაძემ.
მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა>>
მისი თქმით, წარდგენილი მონაცემების საფუძველზე არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საზღვარგარეთ ხმას მხოლოდ პარტიებს მისცემენ, ხოლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.