ამირან გამყრელიძე: იყოს ბევრი ქორწილი, მაგრამ შეუღლება მოკრძალებულად აღვნიშნოთ

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ აკრძალვების მიუხედავად მოქალაქეები დიდ თავყრილობებს მაინც არ ერიდებიან.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. იყოს ბევრი ქორწილი ქვეყანაში, შეიქმნას ოჯახები, მაგრამ ქორწილები და შეუღლება აღვნიშნოთ მოკრძალებულად, მოუწოდა მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება>>

გამყრელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ აკრძალვების მიუხედავად ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები არ ერიდებიან თავყრილობებს. გამყრელიძე ამის მაგალითად ასახელებს ერთ-ერთ რეგიონში მასშტაბურ ქორწილს, რომლის ამსახველი ფოტო მას სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.

საქორწილო კაბა მანეკენზე ქუჩაში - Sputnik საქართველო
პატარძალი საქორწილო კაბის გარეშე, ანუ როგორ ავარიდოთ თავი დადგენილ აკრძალვებს

„სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი მესენჯერში, უზარმაზარი ქორწილია ერთ-ერთ რეგიონში. აკრძალულია, მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ქორწილები და შეუღლება აღვნიშნოთ მოკრძალებულ მასშტაბში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე 10 სექტემბრიდან აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. თუმცა, ეს შეზღუდვა არ ეხება წინასაარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

„მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად“ - ამირან გამყრელიძის ანალიზი>>

ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ემატება. დღეს ახალი 179 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 2937 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1422, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0