თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. შექმნილ სიტუაციაში კორონავირუსის შეკავება აღარ მოხერხდება იმავე მეთოდებით, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
რომელი შეზღუდვები ამოქმედდა კვლავ საქართველოში: აკრძალვების სია >>
მისი თქმით, ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების შემოღების დრო დასრულდა.
მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ქვეყანაში ეპიდვითარების შეფასებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 30 აგვისტოდან შემთხვევების ნახევარი აჭარაში გამოვლინდა და ის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.
მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსისგან ლეტალობა შეადგენს 0,92%-ს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების ძალიან მკვეთრი მატების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს. ადრეულ სტადიაზე COVID-19-ის გამოვლენაში ეპიდემიოლოგებს PCR-ტესტები და ექსპრეს-ტესტები ეხმარება, რაც სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, განაცხადა მან.
„შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რომელიც პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარებით და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე, გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია იყო და არ ხდებოდა პირბადის ხმარება და დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერმა მოგვიტანა შემთხვევების ზრდა. ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.