თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებლი“ და „გირჩი“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.
ახალი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერია>>
შეთანხმება, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისა და სასამართლოებისადმი ნდობის ამაღლების მიზნით რეფორმების გატარებას გულისხმობს.
„ამ შეთანხმებას დასჭირდა ბევრი დრო, რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. სხვები შეიძლება ხელს არ აწერენ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია ამ შეთანხმებაში. კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეთანხმება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლებაზე, რომელიც, მაღალი ალბათობით, მალე იქნება“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
როგორც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმა კანონის უზენაესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„დიდი იმედი მაქვს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებიან. ეს იყო ძალიან რთული შეთანხმების პროცესი. ეს რეფორმა, რომელიც ახლა აქ არის ასახული, სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულების რეფორმირების მიმართულებით. სრულად ვაცნობიერებ, რომ საქართველოში პოლიტიზებული პოლიცია აღარ უნდა არსებობდეს, პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური საზოგადოების და არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეთანხმება მოიცავს რეფორმას სამი მიმართულებით – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
შსს-ს რეფორმებს შორისაა პოლიციის დეცენტრალიზაცია და უწყებისთვის პოლიციური ფუნქციების ჩამოშორება; ასევე თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს, და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.
რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულს უნდა მიეცეს უფლება, აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას. გარდა ამისა, პროკურატურას უნდა ჩამოშორდეს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქცია და დარჩეს მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ასევე შეიქმნას ანტიკორუფციული პროკურატურა.
მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ – ოპოზიცია>>
დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ასევე გამოდიან წინადადებით, გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.