თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა>>
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან.
ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო დღეიდან საქართველოს ოთხ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. კერძოდ, საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ახმეტის რაიონის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან ზოდი და ჩხაკაურა და გორის რაიონის სოფელ ქიწნისთან.
აჭარაში კორონავირუსი სამ პოლიციელს დაუდგინდა>>
გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა.