გასული კვირა უხვად იყო გაჯერებული პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, თუმცაღა ყველაფერს მუქ ზოლად გასდევდა მთავარი მოვლენა - კორონავირუსის პანდემია.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მეორე კვირა დასრულდა. ამ დროისათვის ცესკომ სრულად განსაზღვრა დარეგისტრირებული პარტიების სია, რომლებსაც მომდევნო კვირაში ბიულეტენში კუთვნილი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.
გარდა ამისა, ცესკომ 3 657 უბანზე საარჩევნო კომისიებში ადგილების დაკავების მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა და წინასაარჩევნო პერიოდისათვის პარტიებისთვის ქცევის კოდექსი შეიმუშავა.
სანამ ცესკო წინასაარჩევნო რუტინით იყო დაკავებული, პარტიებმა ამომრჩევლებს უამრავი სიურპრიზი შესთავაზეს.
კვირის მთავარი მოვლენა
კვირის ყველაზე მთავარი მოვლენა გახდა პრემიერობის კანდიდატების წარდგენა ორი ყველაზე მსხვილი კონკურენტი ძალის - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის მიერ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი გახდება მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი გახარია, ხოლო „ნაცმოძრაობა“ გამარჯვების შემთხვევაში წარადგენს მის დამფუძნებელსა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
თუმცა, მოქმედი კონსტიტუციით, პრემიერობის კანდიდატის წარსადგენად პარტიამ არამარტო ხმების უფრო მეტი რაოდენობა უნდა მოიპოვოს, არამედ პარლამენტში ადგილების საკმარისი რაოდენობა დაიკავოს. თუ წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს პარლამენტი ჩააგდებს, ქვეყანას განმეორებითი არჩევნები ელოდება. თუმცა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ დეპუტატების მესამედი პრემიერის პოსტზე თავის კანდიდატს გაიყვანს.
კვირის ინფიცირება
ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მოსიარულე პოლიტიკოსებს გვერდი ვერ აუარა 2020 წლის მთავარმა „ჭირმა“ - კორონავირუსმა. და მთლიანობაში ეს კვირა ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველოსთვის რეკორდული გამოდგა.
კარანტინში ერთბაშად ორი პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ და „კანონი და სამართლის“ ლიდერებმა დროებით წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერეს. ლევან გოგიჩაიშვილს, მის მეუღლე ვიკა ბუკიას, თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლესა და დედას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ტესტირება ჩაიტარა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რომელიც ზემოხსენებულ პარტიებთან თანამშრომლობს. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კვირის ინიციატივა
პარტია „გირჩმა“ და მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ღია სივრცეშიც კი ხალხმრავალ შეკრებას კრძალავს, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს და ამომრჩევლის „გულები დაიპყროს“.
ცეკვა-სიმღერა და სასმელი, ანუ როგორ „მოვიპაროთ“ ქორწილი – „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია >>
ის ამომრჩეველს თავისი პარტიის მომსახურებას სთავაზობს: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ შეუძლიათ გამართონ ხალხმრავალი ქორწილები, იუბილეები, კორპორატიული ღონისძიებები და ქელეხებიც კი.
კვირის წარდგენილები
ამ კვირაში ამომრჩევლებს თავიანთი კანდიდატები წარუდგინეს ორმა პარტიამ: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ქართულმა ოცნებამ“.
„ალიანსმა“ გაასაჯაროვა ერთმანდატიან ოლქებში თავისი პარტიის კანდიდატების ვინაობა, ხოლო მმართველმა პარტიამ თავისი პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.
კვირის პროგრამა
სანამ სხვა პარტიები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და კანდიდატებს აცნობდნენ, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თავისი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
არჩევნები და კორონავირუსი: ბურჯანაძე ოპოზიციას დაფიქრებისკენ მოუწოდებს >>
პროგრამას ეწოდება „მარშალის გეგმა“ და ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით პარტიის ხედვას მოიცავს.
კვირის „ქამბეკი“
კვირის დაბრუნება გახდა აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის, „ნაცმოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის კიევიდან დაბრუნება.
ის ბათუმში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ის გახდა სააკაშვილის პირველი თანამოაზრე, რომელიც უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდა. მის კვალს შეიძლება გამოჰყვეს კიდევ ერთი ფიგურა წარსულიდან - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია.
გარდა ამისა, წინასაარჩევნო რბოლაში შეიძლება ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს.
კვირის გარჩევები
ცესკოს ყურადღების ცენტრში ამ კვირაში „პატრიოტთა ალიანსი“ აღმოჩნდა.
საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ პარტიამ სარეკლამო რგოლები თავის Facebook-გვერდზე საარჩევნო კოდექსის წესების შეუსაბამოდ განათავსა და სასამართლოს მიმართა.
პარტიას ემუქრება ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.
ხოლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ამ კვირაში გამომძიებლებს ხვდებოდნენ. ეს მოხდა სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელიც პარტიის ერთ-ერთი წევრის თვალთვალს და მისი პირადი ცხოვრების კადრების მონტაჟს ეხებოდა.
კვირის თარიღი
ამასთან ერთად, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
კასპის, ონის, თერჯოლის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში და ქუთაისში მერებს აირჩევენ, ხოლო თბილისში, თელავში, თეთრ წყაროსა და ონში მაჟორიტარულ არჩევნებზე - საკრებულოების დეპუტატებს.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მერების და საკრებულოების დეპუტატების ვადამდელი არჩევნების მიზეზი ამ თანამდებობების პირების გადადგომა გახდა.