თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაა მზად, ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
სოციოლოგების მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 55,7% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.
მეორე ადგილზეა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის სასარგებლოდაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გამოკითხვაში მონაწილეთა 16,2%-მა, მესამე ადგილზე კი გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდა (6%).
შემდეგ მოდიან პარტიები „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (5,6%), „ლეიბორისტული პარტია (4,5%) და „პატრიოტთა ალიანსი“ (3,9%).
ამასთან, გამოკითხულთა 68,9% თითქმის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეჭვი ეპარება რესპონდენტების 12,5%-ს, ხოლო 6% არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა
Survation-მა გაარკვია, რომ საქართველოში ყველაზე მეტად ჯარს (84%), ეკლესიას (83%) და თბილისის მერიას (71%) ენდობიან.
პოლიციას ენდობა გამოკითხულთა 68%, სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობას ნეგატიურად აფასებს 24%.
ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტების 63%, 28% კი უარყოფითად.
კომპანიამ 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ 1,2 ათასი ადამიანი გამოკითხა. გამოკითხვის ცდომილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Survation – საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ბრიტანული კომპანიაა 10-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი წარმატებული კომპანია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.
პარტიების რეიტინგი
კომპანია Survation-ის აგვისტოს გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მეოთხე გამოკითხვაა. მსგავსი გამოკითხვა ბრიტანულმა კომპანიამ ივლისშიც ჩაატარა. მაშინ კვლევის შედეგები დღევანდელისგან განსხვავდებოდა – მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიციები გააძლიერა.
ყველა დანარჩენი გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაციონალური მოძრაობა“ მოსდევს.
პარტია | Edisson Research (23 ივნისი - ივლისი) |
IRI (4 ივნისი - 2 ივლისი) |
Survation (2-22 ივლისი) |
Survation (26 აგვისტო - 2 სექტემბერი) |
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" | 39% | 33% | 52% | 55,7% |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 16% | 16% | 19% | 16,2% |
„ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის" | 5% | 5% | 8% | 5,6% |
„პატრიოტთა ალიანსი" | 3% | 3% | 5% | 3,9% |
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი | 3% | 3% | 4% | 6% |
„ლელო საქართველოსთვის" | 3% | 2% | 5% | 3,7% |