თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მზადაა, საპარლამენტო არჩევნებზე მხარი მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაუჭიროს. ამაზე მეტყველებს ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, მმართველ პარტიას ხმას გამოკითხულთა 52% მისცემდა.
საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა>>
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 19% მისცემდა. მესამე ადგილი, ტრადიციულად, პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიკავა 8%-ით.
შემდეგ მოდიან პარტიები: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4% და სხვ.
არჩევნებზე წასვლისთვის მზადაა გამოკითხულთა 65%, კიდევ 13%-მა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით წავა. კიდევ 13 პროცენტი ეჭვობს, წავა თუ არა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 8%-მა განაცხადა.
კომპანიამ 2–22 ივლისის პერიოდში სულ გამოკითხა 1,2 ათასი ადამიანი. გამოკითხვის ცდომილება ცნობილი არ არის.
სხვა გამოკითხვები
კომპანია Survation-ის ივლისის გამოკითხვა ამ ზაფხულს ჩატარებული უკვე მესამე გამოკითხვა იყო. ყველა დანარჩენი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მას „ნაცმოძრაობა“ მოსდევს.
პარტია | Edisson Research-ის გამოკითხვა | IRI-ს გამოკითხვა | Survation-ის გამოკითხვა |
„ქართული ოცნება" | 39% | 33% | 52% |
„ნაცმოძრობა" | 16% | 16% | 19% |
„ევროპული საქართველო" | 5% | 5% | 8% |
„პატრიოტთა ალიანსი" | 3% | 3% | 5% |
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ | 3% | 3% | 4% |
„ლელო საქართველოსთვის“ | 3% | 2% | 5% |