01:25 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
98 0 0

პარლამენტის ექს-სპიკერმა განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების გამო მის პარტიას სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება არ შეუძლია.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თუ ეპიდემიური ვითარება საქართველოში გაუარესდება, საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გახარია: შეზღუდვები საარჩევნო კამპანიას არ ეხება>>

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ასეთ ვითარებაში არჩევნების გადატანა ლეგიტიმური მოთხოვნა იქნება, რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება გართულებულია.

„ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ. ხელისუფლებას ახლა აწყობს არჩევნები, ამიტომ შეეცდება სხვადასხვა მექანიზმებით არჩევნები არ გადადოს. ოპოზიციას იმედი გვქონდა, რომ პანდემია არ გამწვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული ვართ არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში და ქვეყანამ დაიწყოს კრიზისიდან გამოსვლა, ვხედავ, რომ, მაგალითად, ბათუმი და აჭარა მნიშვნელოვანწილად დაკეტილია, სადაც მე და ჩემს პარტიას გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერები. ჩემი მცირე სამშობლო, ლეჩხუმი ჩაკეტილია, ოთხ სოფელში კორონავირუსზე ტესტები ტარდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ოპოზიციური პარტიები მოკლებული იქნებიან ადამიანებთან ცოცხალ კონტაქტს, ამ დროს კი მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსები გააჩნია – პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გამგეობები, და თავიანთ ქვეშევრდომებს ბრძანებებს აძლევენ „პირდაპირ, ვერტიკალით “.

„ჯერ ვერ გეტყვით, ამავე აზრზე არიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ფრაგმენტული საუბრები მქონდა. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზიციური ჩატი და ამ ჩატში დავიწყებთ თემის განხილვას. არ გამოვრიცხავ, ამას საგანგებო შეხვედრაც მივუძღვნათ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, თუ რა ვადით უნდა გადაიდოს არჩევნები, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს კორონავირუსზეა დამოკიდებული.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. მაგრამ ბოლო დღეებში საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ ანტირეკორდები მყარდება. ბოლო 24 საათში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობა პრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით მოქალაქეებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს არწმუნებენ, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ აისახება წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნები დათქმულ ვადაში გაიმართება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)

მთავარი თემები