თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ამის შესახებ ნათქვამია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ძირითადი გუნდის წევრებმა 1 ოქროს (ლუკა მოსიაშვილი), 1 ვერცხლის (იოსებ რიგვავა) და 1 ბრინჯაოს (ქეთა ციმაკურიძე) მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის 4 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე გუნდის წევრმა ლუკა მელაძემ.
შემდგომში, 13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს გაიმართა ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელშიც 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდნენ.
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.